ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმისათვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო” – საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დღეს, 8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დამნაშავედ ცნო და მათ 4,6-,4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისათვის ბრალდებულები დამნაშავედ სწორედ ამიტომ ცნო.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, ბრალდებულები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს, რის შედეგადაც დაიწვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის სპეციალური ავტომანქანა.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა” – წერია პროკურატურის განცხადებაში.
იტვირთბა....