ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

“NDI-ის შედეგები პირდაპირპროპორციულად აისახება არჩევნებზე”

“მეტრონომის” ექსკლუზიური ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

ექსპერტი „მეტრონომთან“ NDI-ის კვლევებს აფასებს და თვლის, რომ მისი შედეგები კარს მომდგარ საპარლამენტო არჩევნებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC-ს საქართველოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები, რომელიც საზოგადოების განწყობებს ასახავს გუშინ გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ამ კვლევებს უნდობლობას უცხადებს, მის  ტენდენციებს მაინც ყველა იზიარებს. კვლევის პოლიტიკური ნაწილი ხვალ გამოქვეყნდება.

NDI-ის გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა. სანამ ინტერვიუზე გადავიდოდეთ კვლევის მნიშვნელოვან შედეგებს გაგაცნობთ:

კვლევის მიხედვით სამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე დასახელდა. პროცენტები ასე გადანაწილდა: სამუშაო ადგილები 57%; ფასების ზრდა/ინფლაცია 35%; სიღარიბე – 30%; პენსიები 26%; ხოლო ხუთეულის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტერიტორიული მთლიანობა სახელდება.

NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეების რიცხვი შემცირდა. თუ წინა წელს მაჩვენებელი 31% იყო, წელს ის 20%-ს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გაზრდილია.  თუ წინა წელს ევროპული ინტეგრაცია მისაღები 60%-ისთვის იყო, წელს 77%- ისთვისაა. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა – 72% საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს. აღნიშნულს არ ეთანხმება 18%. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84% მხარს უჭერს 2015 წლის 25 დეკემბერს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დადებით ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები 2016 წლის შუა პერიოდიდან უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. აღნიშნულს მხარს არ უჭერს გამოკითხულთა 8%.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, ალიანსის წევრობას მხარს რესპონდენტთა 69 % უჭერს, 19% კი წინააღმდეგია. კვლევების თანახმად, ასევე გაირკვა, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ნატო უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთი დასახელდა. ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი – 47%; ”ისლამური სახელმწიფო”- 8%; აშშ – 7%, თურქეთი – 5%; ნატო – 2%; სომხეთი – 1%, ევროკავშირი – 1%; ევრაზიული კავშირი – 1%.

NDI-ს კვლევის თანახმად გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. რესპონდენტთა 20%-მა უპასუხა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 36%-მა კი განაცხადა, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

გამოკითხულთა უმრავლესობა(40%) მიიჩნევს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. ამასთან, გამოკითხულთა 53 %-ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი გლობალური ეკონომიკური პრობლემებია. რესპონდენტთა 61 %-ის აზრით, ეს ახლანდელი მთავრობის შეცდომებს უკავშირდება, 59 %-ის ვარაუდით კი, შექმნილი ვითარება წინა მთავრობის შეცდომებითაა გამოწვეული.

„მეტრონომი“: როგორ შეაფასებდით NDI-ის კვლევის შედეგებს და იზიარებთ თუ არა მის ტენდენციებს?

გია ხუხაშვილი: ტენდენციებს ვიზიარებ, კი. პრინციპში, ის შედეგები რაც კვლევამ გვაჩვენა ლოგიკურად ახსნადია და კანონზომიერია, სამწუხაროდ.

– რას უკავშირებთ იმას, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა შარშანდელი კვლევის შედეგებთან შედარებით შემცირდა, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რიცხვმა კი იმატა, რუსული პროპაგანდა ვერ მუშაობს?

– ვფიქრობ, რომ ჩვენთან იმდენად პრორუსული განწყობები კი არ იყო მაშინაც, ეს იყო უფრო ანტიდასავური განწყობები, რაც უფრო სკეპტიციზმით იყო განპირობებული. დასავლეთი გვპირდებოდა, თითქოს კარი ღია გვქონდა, მაგრამ ახლოს ვერ მივდიოდით. ვიზალიბერალიზაციის ბოლო საკითხებმა, როდესაც რეალურად გადავდგით ნაბიჯები ევროპის მიმართულებით და თითქოს რაღაც ცოტა წინ წავიწიეთ, გავრკვეულწილად ეს ოპტიმიზმი საზოგადოებაში დააბრუნა. ასე რომ, ჩვენ ადრე პრორუსულთან არ გვქონდა საქმე,  ჩვენ გქვონდა დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად პოლიტიკური განწყობების გაძლიერებასთან, რაც ახლა ოდნავ შენელდა. შენელებას ვუკავშირებ აი ამ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გაცხადებულ კონკრეტულ შედეგებს. ანუ ადამიანები, რომლებიც მოტყუებულად გრძნობდნენ თავს დასავლეთის მხრიდან, რომ აი… გვპირდებიან და არაფერს გვიკეთებენ, დაინახეს, რომ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა წინ და ამან დააბრუნა გარკვეული ოპტიმისტური განწყობილება.

– რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს, სამეულში ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია, ტერიტორიული მთლიანობამ კი უკანა პლანზე გადაიწია…

– მაინცდამაინც შორს არ გადაწეულა, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ ბოლო წლებში როგორც წესი უმუშევრობას და სოციალურ პრობლემატიკას ყოველთვის წინა პოზიციები ეჭირა, ტერიტორიული მთლიანობა არც ისე ქვემოთ ჩაჩოჩებულა. თუ ადრე დავუშვათ, მესამე პოზიციაზე იყო, ახლა შეიძლება მეოთხეზე ჩაიჩოჩა. ბევრი არაფერი შეცვლილა ამ კუთხით. ასე რომ, მე ამაზე აქცენტს მაინც არ გავაკეთებდი. ასეა ადამიანი, სამწუხაროდ, საკუთარ თავში იკეტებიან ისინი და პირადი პრობლემები წინა პლანზე მოდის. ეს ბუნებრივი განწყობებია.

– გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ამ პრობლემის მთავარ გამომწვევ მიზეზად ახლანდელ ხელისუფლებას(61%) და წინა მთავრობას(59%) ასახელებენ. ასევე, გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს „იგივე მდომარეობაში“ მიიჩნევს(47%), ხოლო 42% კი თვლის, რომ უარეს მდგომარეობაშია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ აისახება კვლევის ეს შედეგები არჩევნებზე, რა შანსები აქვს ხელისუფლებას?

– NDI-ის შედეგები პირდაპირპროპორციულად აისახება არჩევნებზე, რა თქმა უნდა. იქიდან გამომდინარე, ადამიანები თვლიან, რომ უპირველესი პრობლემები არათუ მოწესრიგებული, არამედ გაუარესებულია. ესეც არაა მთავარი, მთავარი ისაა, რომ ოპტიმიზმიც არაა სააზოგადოებაში, ანუ მოლოდინი იმისა, რომ ხვალ და ზეგ უკეთესად იქნებიან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი პირდაპირპროპურციულად აისახება მათ საარჩევნო განწყობებზე. ხელისუფლებაზე მათი დამოკიდებულება საკმაოდ სკეპტიკურია და ეს ამ კვლევიდან ჩანს.

ნინო ცხადაია

 

იტვირთბა....