დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი იმართება, სადაც იგი სიტყვით გამოვიდა. მან სიტყვით ირაკლი კობახიძეს მიმართა.
“დამაბრალეს ათასი სიგიჟე. არ გეგონოთ ამას უბრალო ადამიანები მაბრალებენ, ისინი მაღალ თანამდებობაზე არიან. განსაკუთრებით აქტიურობს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
ამიტომ მინდა მას მივმართო: პოლიციელის ღირსების შელახვას „დიპ სტეიტი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციის ღირსებას მაშინ შეილახა, როცა არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, ალექსანდრე ქეშელაშვილზე, გიორგი შეწირულზე თავდასხმის გამომძიებლობაა. რასაც მათ უკეთებენ, ესაა თავდასხმა. თავ-პირი დაულეწეთ ახალგაზრდებს და არც ეს საქმეები გამოიძიეთ.
ამიტომაც ძალიან მიჭირს და არაფერს ვამბობ იმ ღირსების შემლახველ ქმედებაზე, რაც პოლიციამ ჩაიდინა. ქალბატონო მოსამართლე, ამის კადრები არ მაქვს, ამიტომ კადრად წარმოიდგინეთ ის, რასაც მოგიყვებით – მშვიდ გარემოში მოულოდნელად ჩნდება პოლიცია, მაქცევს შუაში და ძირს ვეცემი, გადამთელავენ. ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ, ეს სილის გაწვნის შემდეგი ეტაპია – ფეხშიშველი, შეურაცხყოფილი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ – ხმაურით და გინებით ოთახში მოიწევს პირი. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე, მათი სახელი, ვინც ამას ამარიდა. მადლობა ეკუთვნით მათ. ეს შემოვარდნები და გინებები სამჯერ გამეორდა – ყოველი შემდეგი შემოვარდნა იმაზე უარესი იყო ვიდრე წინა. ბოლო შემოვარდნაზე სახეში შემაფურთხა – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეტყოდნენ „ჩაიფსას“, „არ გაიყვანოთ“. ეს პირი „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძეა” – თქვა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე, რომელსაც “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

