“ნინო დათაშვილს იძულებითი სამედიცინო ექსპერტიზა ისე დაუნიშნეს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ექსპერტიზის და თან სტაციონარში მოთავსებით ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება” – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.
“ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას მართლმსაჯულების სისტემაში აქვს არაერთი გამოწვევა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებიც ხვდებიან პენიტენციურ დაწესებულებებში. მათ სჭირდებათ სათანადო სამედიცინო სერვისები. მათ ნაწილს რეალურად ესაჭიროება დროული სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა, ექსპერტიზის ჩატარების რიგში ზოგჯერ თვეებიც კი უწევთ ლოდინი.
ექსპერტიზის დეპარტამენტი ყოველწლიურად პენიტენციური დაწესებულებებში მყოფი დაახლოებით 500-მდე პაციენტის ექსპერტიზას ატარებს. თუმცა, ყველა მათგანი არ გადაჰყავთ სტაციონარში, დაახლოებით 20%-ს ექსპერტიზა ამბოლატორიულად უტარდება.
თუ ბრალდებული ექსპერტიზის ჩასატარებლად სტაციონარში გადაჰყავთ, შეფასების 20 დღიანი პერიოდის დასასრულს, პატიმარს აბრუნებენ ციხეში და შემდგომ ამზადებენ დასკვნას, რომელსაც წერს 1 ან 2 პირისაგან შემდგარი კომისია. დასკვნის მომზადებაც დროში იწელება და რამდენიმე კვირა ან თვეები შეიძლება დასჭირდეს მის მომზადებას.
სახალხო დამცველს აქვს ამ ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის მანდატი და ერთ-ერთ ბოლო სპეციალურ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ:
,,სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის სტაციონარულ განყოფილებაში (თბილისი) ისეთივე ატმოსფეროა, როგორიც მცირე ზომის პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ყველა პატიმარი საკნებშია ჩაკეტილი და სადაც გარემოს ძალიან მკაცრად აკონტროლებდნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც პატიმრებთან კომუნიკაციაში არ არიან ჩართული.
პალატებში ასევე მიმდინარეობს 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. ზოგიერთი მცირე ხარვეზის მიუხედავად, პალატებში პირობები დამაკმაყოფილებელია, მათ შორის ჰიგიენის, განათებისა და ვენტილაციის მხრივ. პალატები აღჭურვილია სველი წერტილით, ტელევიზორით (რომელიც აჩვენებდა მხოლოდ ერთ არხს) და დაწესებულებას აქვს გადახურული გარე სავარჯიშო სივრცე, თუმცა გამოსაკვლევი პირებს სუფთა ჰაერზე გასვლას არ სთავაზობენ.”
ანგარიშში ხაზგასმულია კადრების სიმცირეზე და გადატვირთულობაზე, რაც შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების და დასკვნის მომზადების პროცესს აფერხებს.
ნინო დათაშვილს იძულებითი სამედიცინო ექსპერტიზა ისე დაუნიშნეს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები ექსპერტიზის და თან სტაციონარში მოთავსებით ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება. ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა, არის 2019 წელს, ხერხემალზე მკურნალობისას გაცემული ფორმა N100, სადაც თანმხლებ ეფექტად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რაც არ არის საკმარისი მტკიცებულება, რომ 2025 წელს მისი სტაციონარში მოთავსებით ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება მიეღო მოსამართლეს”
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

