მზია ამაღლობელის ზნეობა და სიმართლე აძლიერებს, როგორც მას ასევე ჩვენ… ის ქართული მედიის სინდისია, რა თქმა უნდა, გახდა თავდასხმის ობიექტი, – ამის შესახებ “მედიის ადვოკატირების კოალიციის” თავმჯდომარემ, მამუკა ანდღულაძემ მზია ამაღლობელზე საუბრისას, “მეტრონომთან” განაცხადა.
როგორც მამუკა ანდღულაძე აღნიშნავს, ის, რაც ხდება დღეს სასამართლოში, არის დამოუკიდებელი ხმის, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები.
“რეპრესიული კანონმდებლობის, მიმტაცებლობის და სახელმწიფო ინსტიტუტების მათ შორის ამგვარი სასამართლოს პირობებში, გამამართლებელი განაჩენის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს იმიტომ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მზია ამაღლობელი ისევე, როგორც სხვა ადამიანები, არიან უკანონო პატიმრები, ამიტომ თავისუფლება მზიას და ყველა სინდისის პატიმარს.
დამოუკიდებელი მედია ასრულებს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ინფორმირებისთვის. როცა ვხედავთ, რომ ღია მოღალატეობრივი ქმედებები მიმართულია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, მედია აშუქებს ამას, და რა თქმა უნდა, მედია გახდა თავდასხმის ობიექტი.
მზია ამაღლობელი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული, პროფესიონალი, პატრიოტი, ქართული მედიის სინდისია, რა თქმა უნდა, გახდა თავდასხმის ობიექტი.
მზიას ზნეობა და სიმართლე აძლიერებს როგორც მას, ასევე ჩვენ. მედიას კრიტიკულ გარემოში უწევს მუშაობა, მაგრამ ამას არ ეგუება ქართული საზოგადოების უმრავლესობა და წინააღმდეგობას უწევს, რაც აძლიერებს მედიას.
ის, რაც ხდება დღეს სასამართლოში, ეს არის დამოუკიდებელი ხმის, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები და მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს ისევე, როგორც სინდისის ყველა პატიმარი”. – განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
შესაძლებელია განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.

