“ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს – ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, თბილისის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ ნამდვილ ჩემპიონს წარადგენს, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა.
„ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე. ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი.
მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე და უფრო მოწესრიგებული ქალაქი – ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისელს, და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ კახა კალაძეს შეუძლია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან,
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დარჩა პოზიციები შესაჯერებელი.
„ორ-სამ მუნიციპალიტეტზე დაგვრჩა შესაჯერებელი პოზიციები, როგორც კი შევჯერდებით ამ ორ-სამ შემთხვევაზე, მაშინვე წარვადგენთ უკვე ერთიან სიას. ეს ეხება როგორც მუნიციპალიტეტის მერებს, 63 კანდიდატს რეგიონებში, ასევე ეხება თბილისის საკრებულოსა და ყველა საკრებულოს სიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

