ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პარტია ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი წევრების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებების და კომპანიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ავტორიტარული პოლიტიკის გამო საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის ზღვარზეა, თავად პარტიის მოქმედი თუ ყოფილი წევრები და თანამდებობის პირები სწორედ ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას, აფუძნებენ კომპანიებს და იღებენ ევროკავშირის მოქალაქეობას საკუთარი შვილებისთვის.
ეს ფაქტი მარტივად ჩანს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდანაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მოიძია 18 პირის შესახებ ინფორმაცია (ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი წევრები, თანამდებობის პირები და პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენები) ვინც ფლობს კომპანიებს ან უძრავ ქონებას ევროკავშირის ქვეყნებში: საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესპანეთი, დანია, სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, კვიპროსი.
ბიძინა ივანიშვილი
კომპანიები: ივანიშვილების ოჯახის საერთაშორისო ბიზნესიმპერია, საუბარია 20-მდე უცხოურ კომპანიაზე, რომელთა გავლით ოჯახი 125-მდე ქართული კომპანიას და დიდძალ უძრავ ქონებას ფლობს, სწორედ ევროპულ იურისდიქციებშია რეგისტრირებული: დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში და საფრანგეთში. თავად ბიძინა ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა.
უძრავი ქონება: ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე 2 უძრავ ქონებას ფლობენ პარიზში:
1. 935 კვ.მ ფართობის მიწა და მასზე არსებული 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი პარიზში, მისამართზე: 1 Allée des Robichons, La Celle-Saint-Cloud, 78170. უძრავი ქონების მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.
2. 110 925 კვ.მ ძირითადად ტყით დაფარული მიწა პარიზში, მისამართზე: 29 Rue de la Princesse, Louveciennes. უძრავი ქონების უშუალო მფლობელია საფრანგეთში რეგისტრირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანია სახელწოდებით SCI Du 29 Rue De La Princesse, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ერთად ფლობენ.
კახა კალაძე
თანამდებობა: თბილისის მერი
უძრავი ქონება და კომპანია: კახა კალაძე პარიზში ფლობს 7 ოთახიან ბინას, რომელიც მან 2022 წლის დასაწყისში შეისყიდა 3.5 მილიონ ევროდ. ბინას ოფიციალურად ფლობს კომპანია სახელმწოდებით Kala Capital, რომელიც კახა კალაძემ და მისმა მეუღელს 2022 წლის დასაწყისში დაარეგისტრირეს, ხოლო ახლა სრულად ეკუთვნის მის მეუღლეს. კომპანია იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბინა – 49 Boulevard Lannes.
კახა კალაძის ოთხივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეები არიან, რადგან ისინი იტალიაში და საფრანგეთში დაიბადნენ.” – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
ინფორმაცია სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

