ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენ ამ პროცესში ვართ თანმიმდევრულები და საზოგადოებასთან ერთად, ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს მიგვიყვანს რეჟიმის ჩამოშლამდე დელეგიტიმაციის გზით” – ანი ქავთარაძე გახარია-ლელოს მემორანდუმზე

“მათ აქვთ ოპოზიციური პარტიის ადგილის მოპოვების სურვილი და მათი მიზანია გადანაცვლება ოპოზიციურ პარტიებს შორის მოწინავე რიგებში, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ შექმნის რეალურ სურათს. ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, ანი ქავთარაძემ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მემორანდუმთან დაკავშირებით, “მეტრონომთან” განაცხადა.

ანი ქავთარაძის თქმით, ახლა ყველა პარტიული ხაზი მოშლილია, რადგან დღისწესრიგში დგას ქვეყნის გადარჩენა – არ გადარჩენის საკითხი.

“ჩვენი ინფორმაციით, თავად პარტიის დიდი ნაწილიც კი წინააღმდეგი იყო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც ცოტა ხნის წინ თავადაც დაადასტურეს “ლელოს” წევრებმა, რომლებმაც კოალიცია დატოვეს.

შესაძლებელია, რომ მათ აქვთ ოპოზიციური პარტიის ადგილის მოპოვების სურვილი და მათი მიზანია გადანაცვლება ოპოზიციურ პარტიებს შორის მოწინავე რიგებში, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ შექმნის რეალურ სურათს, რადგან მოწინავე ადგილები უკვე უკავიათ პარტიებს და მათ შორისაა, “კოალიცია ცვლილებისთვის”, რომელიც უკანასკნელი კვლევის მიხედვით, გაზრდილია თავისი ელექტორატის თვალსაზრისით.

ახლა ყველა პარტიული ხაზი მოშლილია, რადგან დღისწესრიგში დგას ქვეყნის გადარჩენა – არ გადარჩენის საკითხი.
ამ ვითარებას იზიარებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სწორედ ეს ხალხი მივა ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე, რაც არის ამ არალეგიტიმურ პროცესზე უარის თქმა.

ამ ვითარებას ბოიკოტსაც ვერ დავარქმევთ, რადგან ბოიკოტი შეიძლება იყოს რაიმე ოფიციალურისგან განდგომა და ამ შემთხვევაში, ეს არ არის ლეგიტიმური პროცესი. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ამ პროცესში ვართ თანმიმდევრულები, საზოგადოებასთან ერთად, ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს კი მიგვიყვანს რეჟიმის ჩამოშლამდე დელეგიტიმაციის გზით.” – განაცხადა ანი ქავთარაძემ.

შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს “გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.

იტვირთბა....