ეს არ არის სამართალი, ეს არის რეპრესია – პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების, CPJ, RSF და IPI-ის წარმომადგენლები (ემი ბრულეთი, ჟანა კაველი და გილიენ კაიზერი) “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდაჭერის მიზნით რუსთავის ქალთა კოლონიასთან მივიდნენ.
“ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა მზიას ვუთხრათ, რომ ის მარტო არ არის. ამ უსამართლო პატიმრობისას, რომელიც აშკარად გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე მოხდა და რის გამოც მას შესაძლოა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს მზია თვალის ჩინს კარგავს.
რა საშინელი უსამართლობაა, როცა ჟურნალისტი, რომელიც იყო სინათლის შუქურა, კარგავს მხედველობას მაშინ, როდესაც პოლიციელები, რომლებმაც სასტიკი ძალადობა გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ, დაუსჯელები რჩებიან.
მზია, ამაღლობელო, შენს ყველაზე მძიმე დროს ჩვენ შენს გვერდით ვართ და არ ვაპირებთ, გავჩერდეთ მანამ, სანამ თავისუფალი არ იქნები”. – განახადა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წევრმა, გიფსი გილიენ კაიზერმა [ტვ პირველის თარგმანი].
“მზია უბრალოდ ჟურნალისტი არ არის. ის არის პირველი ქალი რეპორტიორი საქართველოში, რომელიც პოლიტიკური მიზეზებით დააპატიმრეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მისი დაპატიმრება არა მხოლოდ უსამართლოა, ეს არის აღმაშფოთებელი.
მზიას სასამართლო პროცესი სავსეა აშკარა უსამართლობებით, მათ შორის საჯარო თავდასხმებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან – ეს არ არის სამართალი, ეს არის რეპრესია.
ჩვენ, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ვაცხადებთ მკაფიოდ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება ეფუძნება აბსურდულ ბრალდებებს და მიზნად ისახავს ჟურნალისტების გაჩუმებას, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ავტორიტარიზმი ძლიერდება.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოხსნას ყველა ბრალდება და გაათავისუფლოს იგი დაუყოვნებლივ” – განაცხადა რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს წევრმა, ჟანა კაველიემ [ტვ პირველის თარგმანი].

