ირაკლი კობახიძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ზედემტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა.
კობახიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით.
„რაც შეეხება ეუთო/ოდირს, თქვენ იცით, რომ ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, გადახვევები ხდება, მათ შორის ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასევე სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა.
შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა მთავრობას თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დამკვირვებლად მოწვევა.
“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია” . – დაწერა საელჩომ.

