“მეტრონომის” ექსკლუზიური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან
„არსებობს გარკვეული ბიზნეს დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს მედიას. მათ, ჩემი აზრით, აქვთ დამოუკიდებელი პოლიტიკური მიზნები. ამ ბიზნეს დაჯგუფების ხელი ურევია საქმეში.” – აცხადებს „მეტრონომთან“ საუბარში ჟურნალისტი და პროდიუსერი, შალვა რამიშვილი, თუმცა მათ ვინაობას ჯერ არ აკონკრეტებს. რამიშვილის ყოფილი თანამშრომელი, თათია სამხარაძე (ტასო ბარნოვა), სექსუალური შევიწროვებისთვის მის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, ხოლო ტელეკომპანია „იმედმა“ შ.პ.ს-ს, სადაც შალვა რამიშვილი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, კონტრაქტები შეუჩერა.
რატომ ვარაუდობს შალვა რამიშვილი ამ მოვლენების მიღმა გავლენიანი ბიზნეს-ჯგუფის ინტერესებს, „მეტრონომთან“ ინტერვიუში განმარტავს.
„მეტრონომი“: ამბობთ, რომ თქვენი „იმედიდან“ წამოსვლა ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფის ინტერესებს უკავშირდება. მათ ჯერ არ ასახელებთ. რატომ ფიქრობთ, რომ ამ ჯგუფს ხელს უშლიდით?
შალვა რამიშვილი: გარკვეულწილად ხელისშემშლელი ვიქნებოდი იმიტომ, რომ არასდროს წავიდოდი ხელისუფლების წინააღმდეგ განგებ მომზადებულ პროვოკაციებზე. ეს იცოდნენ მათ ძალიან კარგად. ჩემი გადაცემები ნანახი გაქვთ და მე, რა თქმა უნდა, კრიტიკულად ვაშუქებდი, მაგრამ ხელისუფლებას არაობიექტურად არასდროს დავუპირისპირდებოდი. ეს ყველაფერი ვარაუდებია. შეიძლება მათ მეტად მორჩილი ხალხი სჭირდებათ.
– რაც შეეხება სასამართლო პროცესს, კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის ცნობილი?
– თათია სამხარაძემ თავად უნდა შეიტანოს სარჩელი, თუმცა, ძალიან ბუნდოვანია რა მუხლით, რომელი კოდექსით და რა სასამართლოში შეიტანენ ამ სარჩელს. თავად ამბობენ, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. თუმცა, მე პროკურატურაში შევიტანე განცხადება, რომ მოცემული ჩანაწერი გამოიკვლიონ, იმის თაობაზე, არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ თავად ე.წ. დაზარალებული (თათია სამხარაძე) ამბობს, რომ აქ სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ არსებობს. საუბრობენ შრომით კოდექსზე და ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელიც დასჯადიც არ არის. საერთოდ გაუგებარია რა უნდათ. მე გეტყვით რა უნდათ ბაია პატარაიას და ფემინისტებს: მათ თათია სამხარაძე ჰყავთ გამოყენებული საშუალებად, რომ მიაღწიონ ამერიკულ თუ ევროპულ, ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაში გათვალისწინებულ, სექსუალური შევიწროების პუნქტებს და ეს შეიტანონ კანონში. ეს არის კამპანია, მათი პროფესია და სამხარაძე სამწუხაროდ, ამ კამპანიას ეწირება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი შევიწროება და ძალადობა არ აღმოჩნდება, ამას დაადგენენ კომპეტენტური ორგანოები. საერთოდ, თათია სამხარაძე ერთ-ერთი პატარა ჭანჭიკია ამ საქმეში, რომელსაც სხვა თავი აქვს. მე თუ ვიღაც შევავიწროვე სამსახურში, ამის გამო ორმოცდაათ კაცს არ ათავისუფლებენ.
– ამაზე ხომ შეიძლება პასუხი იყოს, რომ როგორც თავად აცხადებთ, „იმედს“ კონტრაქტი პირადად თქვენთან არ ჰქონდა – ჰქონდა შ.პ.ს-თან, რომელთანაც თქვენ თანამშრომლობდით და თქვენი გაშვებისთვის ჯერ შ.პ.ს.-თან უნდა გაეწყვიტა ურთიერთობა? მითუმეტეს, რომ „იმედმა“ განცხადებაში აღნიშნა, დანარჩენ თანამშრომლებთან კონტრაქტის აღდგენის მზადყოფნის შესახებ.
– როგორ ფიქრობთ, ერთი შ.პ.ს-ს თანამშრომლის, თუნდაც სამხატვრო ხელმძღვანელის გამო, ხუთი კონტრაქტი შ.პ.ს.-ს შეიძლება გაუფრთხილებლად, კონტრაქტის პირობების გარეშე დაურღვიო? კანონმდებლობით შეიძლება ამის გაკეთება?
– ტელეკომპანია „იმედიდან“ განმარტება კვლავ არ გაქვთ?
– „იმედთან“ აღარ ვურთიერთობ, იმიტომ, რომ ბახტაძესთან (გიორგი ბახტაძე, „იმედის“ გენერალური დირექტორი) საქმე არ მაქვს. ის უბრალოდ მხდალი ადამიანია, რომელსაც თავისი საქმიანი რეპუტაციაც არაფრად უღირს. „იმედი“ ხმას არ იღებს კონტრაქტების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისი ვალია საზოგადოებას უთხრას მიზეზი, მაგრამ ვერ ახერხებს, იმიტომ, რომ ნამდვილ მიზეზს ვერ იტყვის. შესაბამისად, რა საქმე უნდა მქონდეს ყოვლად უპასუხისმგებლო, ანგარიშმიუცემელ ადამიანებთან, ისეთ ხალხთან, რომლის ხელშიც არის დღეს „იმედი“.
-თქვენი უახლოესი გეგმები ალბათ სასამართლო პროცესებს უკავშირდება, თუმცა, ამას გარდა, თუ აპირებთ რომელიმე კომპანიასთან თანამშრომლობას?
– რა თქმა უნდა, მხოლოდ ნეგატიურად არ ვაზროვნებ და ვაპირებ პროდუქტების შექმნას. ზოგიერთი ეს პროდუქტი იქნება მიმართული სწორედ იმ ძლევამოსილი ბიზნეს-ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს ქართული მედიის ხელში ჩაგდებას. ეს არც სახელმწიფოს და არც ხელისუფლების ბრალია, ეს არის როგორც ჩემი, ისე ხელისუფლების და საზოგადოების პრობლემაა, თუ ეს ბიზნესმენები თავს გავიდნენ.
– რატომ არ ასახელებთ მათ ჯერ?
– ვიტყვი, როცა მექნება მტკიცებულებები.
P.S. „მეტრონომი“ ასევე დაუკავშირდა თათია სამხარაძის იურიდიულ წარმომადგენელს, ქალთა ორგანიზაციის კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელს, იურისტ ბაია პატარაიას, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელი სამოქალაქო დავის სახით შევა. შალვა რამიშვილს შრომის კოდექსისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიხედვით უჩივლებენ და მოგების შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ. ბაია პატარაიას ინტერვიუს სრულად იხილავთ აქ.
მანა ნოდია

