ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი სამართალი

„შალვა რამიშვილს არ სჯერა, რომ სექსუალური შევიწროვებისთვის ტელეკომპანიამ შეიძლება მასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტოს“

სექსუალური შევიწროვების უპრეცენდენტო საქმის სარჩელი მზადების პროცესშია. შალვა რამიშვილს სასამართლოს წინაშე მოუწევს დამტკიცება, რომ ყოფილი თანამშრომლის, თათია სამხარაძის (ტასო ბარნოვა)  მიმართ სექსუალურ შევიწროვებას არ ახდენდა. თუ პროდიუსერმა ეს ვერ დაამტკიცა, თათია სამხარაძე მას მორალური ზიანის ანაზღაურებას მოსთხოვს. უფრო ზუსტად რას უკავშირდება სარჩელი და რა მოლოდინი არსებობს სკანდალური საქმის მიმართ, „მეტრონომს“ თათია სამხარაძის იურიდიული წარმომადგენელი, ქალთა ორგანიზაციის კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელი, იურისტი ბაია პატარაია ესაუბრა.

„მეტრონომი“: ბაია, როდის იგეგმება სასამართლო პროცესი?

ბაია პატარაია: ჯერ უნდა მომზადდეს სარჩელი და შევიდეს სასამართლოში, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება და შემდეგ სასამართლო ჩანიშნავს უკვე პროცესს.

რა მუხლით შევა სარჩელი, რომ დააკონკრეტოთ?

-სექსუალური შევიწროვება გენდერული თანასწორობის კანონში განმარტებულია, თუმცა სანქციები ამ კანონში გათვალისწინებული არ არის. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სამოქალაქო სასამართლოს შრომის კოდექსის მეორე მუხლზე დაყრდნობით, სადაც პირდაპირ განმარტებულია, რომ შევიწროვება დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა. ასევე გამოვიყენებთ ახალ ანტიდისკრიმინაციულ კანონს.

თავადვე აღნიშნავთ, რომ ეს მუხლები  დასჯადი არ არის. რას მოითხოვთ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში?

-სამოქალაქო წესით იქნება დავა კერძო პირებს შორის და ჩვენ გარკვეულ მოთხოვნებს წავაყენებთ. მათ შორის იმას, რომ სასამართლომ დაადგინოს დისკრიმინაციისა და სექსუალურ შევიწროვების ფაქტი. ასევე მოვითხოვთ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. ანტიდისკრიმინაციული და შრომის კოდექსის კანონის მიხედვით ეს შესაძლებელია.

თავად შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ თათია სამხარაძე გამოყენებულია ორი ჯგუფის მიერ: ბიზნეს ჯგუფის, რომელთაც რამიშვილის მოცილება სურდათ „იმედიდან“ და თქვენი, ქალთა მოძრაობის მიერ, რომლებსაც უპრეცენდენტო საქმის ქეისი გაინტერესებთ. რას უპასუხებთ რამიშვილის ამ ვერსიას?

-რაც შეეხება “გამოყენებას”, ძალიან მცდარი შეფასებაა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, სექსუალურ შევიწროვებას ადგილი ჰქონდა და ეს დაუშვებელი ქცევაა შრომით ურთიერთობაში. ამგვარ შემთხვევას ბუნებრივია, რომ  მოჰყვეს რეაგირება „იმედისაგან“ და შესაბამისი შედეგებიც დადგეს. შალვა რამიშვილს არ სჯერა, რომ სექსუალური შევიწროვებისთვის ტელეკომპანიამ შეიძლება მასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტოს. რამიშვილს მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროვება არ არის საკმარისად მნიშვნელოვანი მიზეზი, ასეთი შედეგის დასადგომად. მის სხვა ეჭვებს ტელეკომპანიის მიმართ კავშირი არ აქვს სექსუალურ შევიწროვებასთან. ამ საქმისთვის არარელევანტურია დამატებითი მოტივების არსებობა. ქალთა მოძრაობისთვის ეს საქმე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე არავინ არ მოსულა და უთქვამს, რომ სექსუალური შევიწროვების მსხვერპლია. თათიას ახლობელი გოგო დამიკავშირდა და მკითხა, როგორ შეიძლებოდა თათიას დახმარება. ვუთხარი, რომ თუ თათიას ჰქონდა სურვილი ამაზე ხმამაღლა ესაუბრა და საქმის წარმოება დაეწყო, დავეხმარებოდით. თათიას მეგობარმა ერთმანეთს დაგვაკავშირა და ჩვენ იმავე დღეს შევხვდით. ქალები ძალიან ხშირად მოგვმართავენ სხვადასხვა პრობლემით, ჩვენ ვეხმარებით როგორც შეგვიძლია. ამ საქმეებიდან ზოგიერთი რეზონანსულია.

სექსუალური შევიწროვება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც მალავენ. ხოლო თათიამ ამაზე ხმამაღლა დაიწყო საუბარი. ჩვენ გვინდა სახელმწიფოს ყურადღება მივაქციოთ ფარულ და გავრცელებულ ძალადობის ფორმაზე, რომელზეც არ საუბრობენ. ეს იქნება წარმატებული ქეისი, რომელიც მაგალითი იქნება სხვა ქალებისთვის, რომ ხმა ამოიღონ. ჩვენ როგორც ქალთა უფლებების დამცველები, ბუნებრივია, ყველა ამგვარი შემთხვევით დაინტერესებულნი ვართ და მზად ვართ დავეხმაროთ.

რა შემთხვევაში შეიძლება არ დაუმტკიცდეს ბრალი შალვა რამიშვილს და ამ შემთხვევაში, შეუძლია თუ არა მან პირიქით მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება?

– სასამართლო ორივე მხარეს მოუსმენს და განიხილავს ამ საქმეს ბოლომდე. თუ შალვა რამიშვილს ეგონა, რომ თათია მას ცილს წამებდა, შეეძლო სამოქალაქო წესით ეჩივლა, მაგრამ ეს უკვე არარელევანტურია, რადგან თათია მიმართავს სასამართლოს. ასევე, ვერც იმაზე მოედავება შალვა რამიშვილი თათია სამხარაძეს, რომ ფარული ჩანაწერი გაუვრცელა, რადგან ამგვარ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და ეს ჩანაწერი არ გავრცელებულა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩანაწერი არ არის უკანონო, რადგან  ეს არის ის საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც თვითდახმარების ფარგლებში მსხვერპლი იწერს ჩანაწერს, როგორც  ერთადერთ მტკიცებულებას საკუთარი უფლებების დარღვევის ფაქტზე.

– თუ დამტკიცდა, რომ ჩანაწერი ავთენტური არ არის, შეუძლია რამიშვილს იჩივლოს?

– რამდენიმე დღეში იქნება პასუხი ჩანაწერის ავთენტურობაზე, თუმცა ვისაც არ აქვს ჩანაწერი, მათაც შეუძლიათ იჩივლონ, უბრალოდ დამტკიცება გაუჭირდებათ. ჩანაწერი თუ არ გაქვს, არ ნიშნავს, რომ მსხვერპლი არ ხარ. სასამართლომ თუ დაადგინა (რაც გამორიცხულია, ჩემი აზრით), რომ სექსუალურ შევიწროვებას ადგილი არ ჰქონია, ეს თავისთავად იქნება შალვა რამიშვილის რეაბილიტაცია და მას არანაირი გაგრძელება არ სჭირდება. მაგრამ მე, როგორც იურისტი, რომელიც იცნობს საქმის გარემოებებს, ვფიქრობ, რომ ძალიან ცალსახაა მოსალოდნელი შედეგი. მოგახსენებთ, რომ ეს არის საქმიანი საუბრის ჩანაწერი, სადაც განიხილება შალვას მიერ სექსუალური ზეწოლის ფაქტები და თათიას მიერ სამსახურიდან წამოსვლის განზრახვა.

მანა ნოდია

იტვირთბა....