“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ საბოდიშო ვიდეოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვიდეოს ჩაწერამდე მის მეუღლეს საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და შემდეგ გაიტაცეს.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, აღნიშნული ფაქტი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ის დააშინონ და თავმჯდომარის პოსტს ჩამოშორდეს, თუმცა მისივე თქმით, მას არ ეშინია და კვლავ აგრძელებს ბრძოლას.
„ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სამ შვილთან ერთად, ღამით 5 ნიღბიანი თავს დაესხა ჩემს მეუღლეს, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამის შემდეგ თვალები აუხვიეს და ჩასვეს მანქანაში. თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. თუმცა ტრაექტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის “მოდულის” შენობაში ჰყავდათ.
ადგილზე მიყვანის შემდეგ 8 საათის განმავლობაში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ისინი ჩვენი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას უსახლებდნენ, მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით“, – ამბობს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 ივნისს, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, 7 წლის წინ მის პერსონალურ ცხოვრებაზე გაკეთებული კომენტარის გამო, რომელზეც საჯარო ბოდიში ადრევე მოხდილი ჰქონდა.
„ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად, რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქპოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი. მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს“, – ამბობს იოსელიანი ვიდეოში.

