თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. სასამართლოს ეზოში არ უშვებენ ჯაფარიძის მხარდამჭერებს. სავარაუდოდ, 14:00 საათზე დაანონსებულ აქციაზე სასამართლოს ეზოში არ შეუშვებენ აქციის მონაწილეებსაც.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ადგილზე მობილიზებული დიდი რაოდენობით პოლიცია მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, დააკავონ.
“რა მოლოდინიც მქონდა, იმას გარემო ამართლებს, ამდენი პოლიციის მობილიზება ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ რაღაცას აპირებენ. არჩევანი ბევრი არ აქვთ, თვითონაც ჩიხში არიან, ან საერთოდ უარი უნდა თქვან აღკვეთ ღონისძიებაზე, რაზეც მინიმუმ სამჯერ გვაქვს მიმართული, მაგრამ უარი თქვეს, შესაბამისად, ერთადერთი გზა არის, მძიმე ფორმა გამოიყენონ, უფრო მძიმე ფორმაა, დამაპატიმრონ, ისევე როგორც ირაკლი ოქრუაშვილი.
წულუკიანი რამდენჯერმე დავიბარეთ, მაგრამ ეს მოთხოვნა თვითონ წულუკიანამდეც არ მიუშვეს, ამ სასამართლოშივე დაიბლოკა. ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პატიმრობაზე წავიდნენ… “- განაცხადა ჯაფარიძემ.

