თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9 000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, ბაჩიაშვილმა 2025 წლის 4 მარტს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საქართველოს დატოვების შესახებ წერდა.
ბიტკოინების საქმეზე 10 მარტს სასამართლომ მას 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდნენ. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

