მოსამართლე შვანგირაძემ პროკურატურის კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 11 პატიმრის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადასცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება შვანგირაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლე შვანგირაძემ დღეს არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის გახსნასთან დაკავშირებით და 5 მარტს ნაწილობრივ დახურული სხდომა ისევ დახურულ რეჟიმში გააგრძელა. ანუ, პატიმრების ოჯახების წევრები სასამართლო დარბაზში არც დღეს დაუშვეს.
ბრალდებულების ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, რომ სასამართლო სხდომა სრულად გახსნილიყო და ბრალდებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს სხდომაზე დასწრების საშუალება მისცემოდათ, ამასთან, შუამდგომლობას დანართად 130 ხელმოწერაც დაურთეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაიზიარა.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს, თუმცა შვანგირაძემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატები ეჭვქვეშ აყენებენ შვანგირაძის მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას. პროკურორებმა კი მას ნდობა გამოუცხადეს და თქვეს, რომ მოსამართლის აცილების საფუძველი არ არსებობს.
რეჟიმის პატიმრების – ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, სერგეი კუხარჩუკის საქმის პირველი არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აპრილს, 14 საათზე ჩაინიშნა.