“კანადა მკაცრად გმობს ირანში მომიტინგეების მკვლელობების გაგრძელებას. ირანის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს საშინელი რეპრესიები, დაშინება და პატივი სცეს თავისი მოქალაქეების უფლებებს. კანადა მამაცი ირანელი ხალხის გვერდით დგას” წერს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.
საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა პატივსაცემად ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. პარალელურად, აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ჯგუფი HRANA ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანში ორკვირიანი საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. ორგანიზაციის მიერ დადასტურებულ დაღუპულთა სიაშია 490 მომიტინგე და 48 უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, 10 000 მოქალაქე კი დაპატიმრებულია. 11 იანვარს ირანული მედიის გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით კი, ირანში ბოლო 48 საათში სულ მცირე 2 000 ადამიანი დაიღუპა. ირანის რეჟიმი არეულობის შედეგად დაღუპულთა შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.

