ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სასამართლომ აფგან სადიგოვი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა – SJC

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის გათავისუფლების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში.

სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლო 11 მარტს მიმართა და სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმება მოითხოვა.

სასამართლოებმა გადაწყვეტილება ზეპირი განხილვის გარეშე მიიღეს და სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელები აფგან საიდიგოვის საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დასაშვებადაც კი არ ცნეს. საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.

სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო და აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 17 მარტს, სადაც აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომელიც შეიძლება გავლენა მოახდინოს აღკვეთის ღონისძიებაზე.

რაც შეეხება აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მან დაიწყო საკვების მიღება, და მისი მდგომარეობა უმჯობესდება. მნიშვნელოვანია, რომ #18 სამედიცინო დაწესებულებამ გააგრძელოს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული და სრულყოფილი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....