უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ძალიან პოზიტიური, შინაარსიანი და გულწრფელი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ და აშშ-მ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ომის რეალური დასასრულისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.
“ჯიდაში შეხვედრა მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ომის დასრულებისკენ წინსვლაში. შევთანხმდით, რომ უკრაინამ და აშშ-მ უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ომის რეალური დასასრულისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. გვჯერა, რომ აშშ-სთან, პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკის ლიდერებთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობა წელს იქნება მიღწეული.
პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან საუბრის დეტალები და მთავარი საკითხები, რაც მათ განიხილეს. პირველი ნაბიჯებს შორის ერთ-ერთი, შეიძლება იყოს ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტა. მე მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს და უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად ვართ ამის შესასრულებლად. ჩვენმა გუნდებმა ეს ნაბიჯი ჯიდაში შეხვედრაზე განიხილეს. ამერიკულმა მხარემ ასევე შემოგვთავაზა უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე და უკრაინა ამ შეთავაზებასაც დათანხმდა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამის განსახორციელებლად. გვჯერა, რომ მსგავსი ნაბიჯები საჭიროა, რათა ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში შეიქმნას შესაძლებლობა ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად”. – წერს ზელენსკი.