საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განაჩენი 17 მარტს გამოცხადდება.
„სასამართლო გადის სათათბიროდ, განაჩენის გამოსატანად, სარეზოლუციო ნაწილს გამოგიცხადებთ ორშაბათს, 17 მარტს, 11:00 საათზე“, – აღნიშნა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ.
შეგახსენებთ, სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.