შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დასავლელი დიპლომატების დასწრების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ელჩების მხრიდან ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობაა.
„ჩვენ ბოლო პერიოდში სასამართლო სხდომებზე ელჩების დასწრებას ვხედავთ. გუშინ ვნახეთ, რომ ლიეტუვის ელჩი იმყოფებოდა სასამართლო სხდომაზე. იმ ქვეყნის ელჩი, რომელმაც რამდენიმე მოსამართლე დაასანქცირა, მათ შორის, ლამის მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დასანქცირა. ეს ელჩი შემდეგ მიდის და იმ სასამართლო პროცესზე ჯდება, იმ მოსამართლეებთან, რომელსაც მისი ხელისუფლება შემდეგ ასანქცირებს. ისინი [ელჩები] არც იურისტები არიან, არც ქართული ესმით და არ მგონია, რომ იქ თარჯიმანი სწრაფად უთარგმნიდეს, რომ იმ პროცესიდან რაიმე შინაარსი გამოიტანონ, თუ არა და შეუძლიათ ეს ინფორმაცია სხვა მხრივაც მიიღონ. ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესებზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება, ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება რომ იქ სხედან, აკვირდებიან რევიზორები და თუკი ისინი არ მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ (და რა სურთ მათ საჯაროდაც ამბობენ) ამას სასჯელი მოჰყვება. ეს ისეთი უხეში დარღვევაა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის – აი, რუსეთს, რომ ედავებიან და დღეს, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ აირია საერთაშორისო წესრიგი და სწორედაც ედავებიან, როდესაც პატივს არ სცემს, ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს და თავად, რომ არ სცემენ პატივს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის ზუსტად, საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები დადიან სასამართლო პროცესზე იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

