სირიაში, ლატაკიის პროვინციაში, შეტაკებები მოხდა სირიის გარდამავალი მთავრობის ძალებსა და ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მომხრე შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის.
სირიაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ყველაზე სასტიკი შეტაკებისას მოკლულია 70-ზე მეტი ადამიანი და ათეულობით დაჭრილია.
გუშინ სირიის სააგენტო Sana იუწყებოდა, რომ ასადის შეიარაღებული მომხრეები თავს დაესხნენ ქალაქ ჯებლის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საგუშაგოს. მის მახლობლად მდებარეობს რუსეთის ავიაბაზა „ხმეიმიმი“.
სირიის გარდამავალმა მთავრობამ ლატაკიის პროვინციაში დამატებითი ძალები გაგზავნა და რეგიონში „კომენდანტის საათი“ გამოაცხადა.
ფოტო: Reuters