თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურორებს მიმართა ზვიად ცეცხლაძემ და მისთვის წაყენებულ ბრალდებაზე ისაუბრა.
“მე მედავებიან ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას. ზოგადად სიტყვა ჯგუფი მიუთითებს, რომ არის ცენტრალიზებული და როდესაც არის სიტყვა „ორგანიზება“ ნახსენები, შეუძლებელია ამ ჯგუფში შემავალი პირები არ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული ისე რომ კომუნიკაციაც კი არ არსებობდეს. თუ თქვენ იმას ამბობთ, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაშინ როგორც ჯგუფს არ უნდა გვედავებოდეთ.
თუ ვსაუბრობთ ჯგუფზე, ანუ ჩვენ კოლექტიურად რაღაცის მიღწევის მიზანი უნდა გვქონდეს, შეიძლება ერთი ნივთის მიმართ ორ ადამიანს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჰქონდეს ერთი და იგივე განზრახვა, ასეთ შემთხვევას სასამართლო განიხილავს ორ ინდივიდუალურ შემთხვევას, ამიტომ ეს ინდივიდუალიზმი არ უნდა გაიბლაროს.
მაშინ იქ გამოსული 20 000 ადამიანი არის ჯგუფურ ძალადობაში ჩართული. თქვენ ამბობთ რომ იქ იყო ბარიკადები, არ შევალ განხილვაში ვის რატომ დასჭირდა ბარიკადების აგება, ჩემი აზრით უფრო თავდაცვისთვის იყო, მაგრამ დავანებოთ თავი. მაშინ მთლიან აქციას უნდა გვედავებოდეთ ერთი და იმავეს, თუ არ არის აუცილებელი ერთმანეთს ვიცნობდეთ.
მუხლს ხო გააჩნია თავისი ისტორიული მიზანი რისთვისაა შექმნილი, იმიტომ არის იქ ჯგუფური და ორგანიზება ნახსენები, რომ ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. ის სხვა საქმეა შეიძლება ადგილზე გაიცნონ ერთმანეთი, მაგრამ ამასაც ვერ ადასტურებთ.
რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს – თქვენ მოიყვანეთ, რომ რადგან მუხლი არის მძიმე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში რაციონალური შიში რომ მიიმალოს. თქვენ გავიწყდებათ, რომ არცერთი ადამიანი არ ვართ ნასამართლევი და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. სანამ სასამართლო ჩაქუჩს არ დაარტყამს, ჩვენ უდანაშაულოები ვართ და თქვენ როდესაც აპელირებთ, რომ დანაშაულისკენ ვართ მიდრეკილი, ჩვენი ინდივიდუალური ბიოგრაფია ამაზე არ მიუთითებს.
მე შემიძლია თეორიულად მძიმე ბრალდება წაგიყენოთ, ეს არ უნდა იქცეს სასამართლოს მხრიდან ასეთი რადიკალური ქმედების საფუძველი. ჩვენთან არსებობს, ჰუმანურობის პრინციპი, როდესაც ადამიანს არ აქვს ბიოგრაფიაში არაფერი, რომ ის მიდრეკილია დანაშაულისკენ, რამდენად ჰუმანურია ჩასვათ ესეთი ადამიანი ციხეში?
გაქცევას რაც შეეხება – დაკავების დროს შეწინააღმდეგებაც კი არ ყოფილა. გარდა ამისა არსებობს ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებები. თუ დადგინდება, რომ ჩვენ არაკეთილსინდისიერად მოვიქცევით ამ სხვა აღკვეთის ქვეშ, შემდეგ შეიძლება თქვა, რომ მიდრეკილია ამისკენ ადამიანი.
ჩემს პირად მაგალითს მოვიყვან, როდესაც უკრაინაში ვიყავი და სამხედრო გადამზადებას გავდიოდი, მაშინ ჩემს გარშემო გაჩნდა საფრთხე, რომ ჩემი დაბრუნების შემთხვევაში დავეკავებინე, მე მქონდა არჩევანი დავბრუნებულიყავი თუ დავრჩენილიყავი საზღვარგარეთ და მესწავლა სამართალი, მე დავბრუნდი – ეს არ არის სამართლებრივი პოზიცია, მაგრამ აჩვენებს მორალურ პოზიციას.” აღნიშნა ცეცხლაძემ სიტყვით გამოსვლისას.
ცნობისთვის, პროკურორები ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას “მიმალვის საფრთხისა” და “განმეორებითი დანაშაულის ჩადენის” მოტივით ითხოვენ.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციებზე დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.