ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დაპატიმრებული დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ბრალის საქმის განიხილვა მიმდინარეობს.
მზია ამაღლობელს შინაგან საქმეთა სამინისტრო 11 იანვარს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალს.
სასამართლოს სხდომაზე, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქმის მოსამართლის სალიხ შაინიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ამის საფუძვლად ისინი ნათესაურ კავშირს ასახელებენ, ადვოკატების თქმით, მოსამართლე მზია ამაღლობელის დეიდაშვილის სიძეა, მათ სურთ საქმესთან დაკავშირებით კითხვები გამოირიცხოს.
ნათესაური კავშირის არსებობა დაადასტურა მზია ამაღლობელმა, თუმცა მოსამართლემ აცილებაზე უარი თქვა.
„დიახ, ნამდვილად არის ჩემი სიმამრის დეიდაშვილი, თუმცა შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ არსებობს საფუძველი. უარს ვაცხადებ აღნიშნულ შუამდგომლობაზე, მხარეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ“, – თქვა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.
შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარეც.
„არ ვეთანხმები აცილების შუამდგომლობას, არ არის საკმარისი. მოცემულ შემთხვევაში გასაკვირია ეს შუამდგომლობა, უარს ვაცხადებთ აცილებაზე”, – თქვა პროკურორმა.
რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს, ნონა ქურდოვანიძემ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია – ის დააკავეს არა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკვრისთვის რასაც ადასტურებს ვიდეო, რომელსაც მტკიცებულებად წარადგენენ.