ევროპელი ლიდერები ბრიუსელში სპეციალურ სამიტს მართავენ. შეკრების მთავარი საკითხი უკრაინის მხარდაჭერაა.
სამიტის დაწყებამდე ლიდერებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ევროპის უსაფრთხოების განსამტკიცებლად. დღეს აქ ვართ გადაწყვეტილებების მისაღებად და მათ განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვა განუყოფელია უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისგან. უფრო ძლიერი ევროპული თავდაცვა ზრდის უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს, ხოლო უკრაინის გაძლიერებული თავდაცვა თავის მხრივ ხელს უწყობს ჩვენი თავდაცვის განმტკიცებას. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში. ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ შენ გვერდით ვართ ახლაც და მომავალშიც, მათ შორის სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ.