დეპოს მორიგე: „მე 1030 ლარი მაქვს ხელფასი და არა 1455“
8 აპრილს დილით შესაძლოა თბილისის მეტროპოლიტენმა აღარ იმუშაოს. მეტროპოლიტენის მემანქანეები და მეტროში სხავადასხვა პოზიციაზე დასაქმებული ადამიანები ითხოვენ წელთა ნამსახურების მიხედვით ანაზღაურებას, ხელფასის მომატებას და ღამის საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას.
მეტროს თანამშომლების შესაძლო გაფიცვას თბილისის მერი დავით ნარმანია ეხმაურება.
”თითოეული თანამშრომელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” შესაძლებლობებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ შეიძლება გაეზარდოთ მათ მომავალში ანაზღაურება. თუმცა, ამ თვალსაზრისით რამდენიმე დღის წინ გადავდგით ნაბიჯი და ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” მათ ნამსახურები წლების მიხედვით დანამატზე იზრუნა და 1 მილიონი ლარი დამატებით გამოიყო. მოლაპარაკები დღესაც მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ კომპანიის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმი გაკეთდება, რათა უკეთ იყვნენ თანამშრომლები უზრუნველყოფილი”. – განაცხადა ნარმანიამ.
ნარმანიას მოადგილე ირაკლი ლექვინაძე სოციალურ ქსელში მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ხელფასს ასაჯაროებს.
“დეპოს მორიგე – 1 455 ლარი;
დეპოს მანევრის მემანქანის თანაშემწე – 981 ლარი;
დეპოს მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი;
მემანქანე ინსტრუქტორი – 1 986 ლარი;
ხაზის მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი;
ხაზის მემანქანე – 1 731 ლარი;
ხაზის მემანქანის თანაშემწე – 1 096 ლარი;
თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ასევე გაფორმებული აქვს კოლექტიური ხელშეკრულება საწარმოში დასაქმებულთა გაერთიანებებთან (პროფესიულ კავშირებთან), რომელიც მიზნად ისახავს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სოციალური პარტნიორობის პრინციპის დანერგვას. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაერთიანებების წევრებს კომპანია დამატებით უნაზღაურებს ერთჯერად ხარჯებს:
- დაოჯახების შემთხვევაში – 250 – 400 ლარი + დამატებით 10 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;
- დასაქმებულ ქალთათვის ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 375 – 700 ლარი + დამატებით ორი თვის სახელფასო ანაზღაურება;
- ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში – 250 -375 ლარი + დამატებით 5 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება;
- თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში – 1000 ლარიანი დახმარება ოჯახს;
- კომპანიის ყველა თანამშრომელი სარგებლობს უფასო მგზავრობით (მეტრო, ავტობუსი) და კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით”.-წერს ლექვინაძე.
“მეტრონომთან“ საუბარში პროფკავშირ „ერთობა 2013“-ის წევრმა, მემანქანე ზაზა ბარბაქაძემ განაცხადა, რომ ლექვინაძის მიერ გასაჯაროებული ხელფასის ოდენობა არასწორია.
ბარბაქაძის თქმით, ის დეპოს მორიგედ მუშაობს და მისი ხელფასი 1455 ლარი არ არის.
„მე პირადად დეპოს მორიგე ვარ და 1030 ლარი მაქვს ხელფასი და ამაზე მეტი ხელფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამიღია, თუ სადღესასწაულო პერიოდში მიმუშავია“.
-ხაზის მემანქანე 1731 ლარს იღებს თვიურ ანაზღაურებას?
„ხაზის მემანქანეს 1200 ლარზე მეტი არ აქვს ხელფასი. ეს ციფრები აბსოლუტური სიცრუეა.“ – ამბობს ბარბაქაძე.
„მეტრონომი“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძეს დაუკავშირდა.
-ბატონო ირაკლი სოციალურ ქსელში თქვენ მიერ გასაჯაროებულ ციფრებზე მინდა გკითხოთ
-„პრესსამსახურს დაუკავშირდით,“- იყო პასუხი.
-უშუალოდ თქვენს სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს ეხება ჩემი კითხვა და პრესსამსახურში ვერ გამცემენ პასუხს.
-„რა თემას ეხაბა?“
-თქვენ მეტროს თანამშრომელთა ხელფასი გაასაჯაროვეთ…
-„კომპანიაა ამაზე მოპასუხე მხარე. მათ დაუკავშირდით.“
-თანამშრომელი აცხადებს, რომ თქვენს მიერ გასაჯაროებული ხელფასი რეალობას არ ასახავს
-„ჩემი პოსტი უცვლელად გადაიტანეთ“
-ჩვენ რას გავაკეთებ, ჩვენი საქმეა ბატონო ირაკლი, კითხვას გისვამთ…
-„რას არ ასახავს? პრესსამსახურს დაუკავშირდით“.
-ანუ თქვენს ფეისბუქ-პოსტთან დაკავშირებით პრესსამსახურს დავუკავშირდეთ, ცოტა სასაცილოა
-„დიახ. ჩემს კომენტართან დაკავშირებით მათ დაუკავშირდით.“
-პირადად თქვენს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია შესაძლოა სიცრუე იყოს და ეს პრობლემას არ წარმოადგენს თქვენთვის?
-„სიცრუეს მე ნამდვილად არ ვწერ და ეს მარტო მე არ დამიწერია, ძალიან ბევრმა დაწერა.
„მეტრონომი“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა. კომპანიის წარმოამდგენლის განცხადებით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს მუშებთან.
მარიამ ვარადაშვილი