ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა გადაუდებელი დასკვნა 2024 წლის 13 დეკემბერს და 2025 წლის 6 თებერვალს, “ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში.
სასწრაფო მოსაზრება საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა მოითხოვა.
“საკანონმდებლო პროცესის ანალიზისას, მოსაზრებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩარევის გარეშე. ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური მიტინგების უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.
ცვლილებები შეიცავს უამრავ ბუნდოვან და ფართო ჩარჩო მქონე დებულებებს, რომლებიც ხელისუფლებას ანიჭებს ზედმეტად ფართო დისკრეციას მათ გამოყენებაში. ეს ძირს უთხრის საკანონმდებლო ბაზის განჭვრეტადობას და აზიანებს სამართლებრივ უსაფრთხოებას ძირითადი თავისუფლებების განხორციელებისას. საკანონმდებლო ჩარჩოში სიცხადის ნაკლებობა ზრდის ბოროტად გამოყენების რისკს.
უფრო მეტიც, ცვლილებებში სხვადასხვა შემაკავებელი ზომების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა ადეკვატურად არ იყო დასაბუთებული. ახალი მკაცრი პატიმრობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, გადაჭარბებულია…
ამიტომ კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გადახედოს ამ ცვლილებებს და განახორციელოს სათანადო კანონშემოქმედებითი პროცესი. ” ნათქვამია განცხადებაში.
ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას კრიტიკულს უწოდებს იურისტი გოგა ხატიაშვილი და დოკუმენტს განმარტავს:
“ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა დაადგინა მთელი რიგი შეზღუდვები და აკრძალვები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებაზე. ასევე, მთელი რიგი დებულებები შეიცავს უამრავ ბუნდოვან და ფართო ტერმინებს, რომელიც ხელისუფლებას ანიჭებს ფართო დისკრეციას, რაც ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კრიტერიუმს. საკანონმდებლო ჩარჩოში სიცხადის ნაკლებობა ზრდის ბოროტად გამოყენების რისკს.
კანონები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. შესაბამისად, კანონშემოქმედებითი პროცესი იყო ფუნდამენტურად ხარვეზიანი.
კომისიის შეფასებით, ადმინისტრაციული ჯარიმები საკმაოდ მაღალია და მას აქვს გამყინავი ეფექტი მათზე, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს ან მოაწყოს საჯარო შეკრებები, რაც არის მშვიდობიანი შეკრების უფლების არაპროპორციული შეზღუდვა. ფინანსური ჯარიმები უნდა იყოს სამართალდარღვევის პროპორციული და გათვალისწინებული იყოს დამრღვევის სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტი. მცირე არაძალადობრივი ადმინისტრაციული დარღვევების შემთხვევაში, შეკრების მონაწილეების ან ორგანიზატორების მიმართ რაიმე სანქციის დაწესება შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს.
კომისიის შეფასებით, შეკრებებზე სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. ამიტომ, მშვიდობიან შეკრებაზე არ უნდა აიკრძალოს ნიღბის ტარება, როდესაც არ არსებობს გარდაუვალი ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ვენეციის კომისია, ასევე აღნიშნავს, რომ კანონი ფართოდ არის ფორმულირებული, რაც ადამიანებს გაურკვევლობას უტოვებს, თუ რა არის აკრძალული. ის შეიძლება მოიცავდეს ისეთ ნივთებს, როგორიცაა შარფები, ქუდები ან სამედიცინო სახის ნიღბები, რაც იწვევს დაბნეულობას როგორც საზოგადოებაში, ასევე სამართალდამცავ ორგანოებში. შესაბამისად, აღნიშნული წესი სამართალდამცავ ორგანოებს ანიჭებს გადაჭარბებულ დისკრეციას, ამიტომ ის უნდა შეიცვალოს.
კომისიის შეფასებით, ლაზერის გამოყენების აკრძალვა საკმაოდ ფართო დისკრეციას აძლევს ხელისუფლებას, თავად განსაზღვროს, თუ რა წარმოადგენს ლაზერულ მოწყობილობას.
შესაბამისად, ვენეციის კომისია კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს „ქართულ ოცნებას” და მოუწოდებს, რომ გადახედოს არსებულ კანონმდებლობას.” წერს ხატიაშვილი.
ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის მიერ, 16 თებერვალს მიღებული ცვლილებებით, უკიდურესად შეიზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ცვლილებები შევიდა შეკრება მანიფესტაციების კანონში, სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში.
ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე გაიზარდა, სახელმწიფო თანამდებობის პირის მიმართ შეურაცხყოფა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდა, გაიზარდა პოლიციელის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედების შემთხვევაში საპატიმრო ვადები, აიკრძალა დახურულ სივრცეში ნებართვის გარეშე პროტესტი და სპონტანური აქციისთვისაც კი საჭირო გახდა ნებართვის აღება.
ოლიგარქის დასმულმა “პრეზიდენტმა” ყაველაშვილმა კანონპროექტებს ხელი მეორე დღესვე მოაწერა.