ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, აქტიურად არიან ჩართულნი დიდთოვლობის გამო გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლის პროცესში.

ამინდის გაუარესების დღიდან სამინისტრომ უზრუნველყო შიდა საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა – ზოგადსაგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურ კოორდინაციაში არიან როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ დონეზე ყველა შესაბამის უწყებასთან.

საგანმანათლებლო რესურსცენტრების ჩართულობით გაერთიანდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და შესაძლებლობების ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ მოსახლეობას.

ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელშეწყობის მიზნით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის გამოყოფილია შესაბამისი სივრცეები საჯარო სკოლებში.

ამინდის გაუმჯობესებისა და გზების წმენდის პროცესის დასრულების შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით, შესაბამის მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო.

სკოლებში გაცდენილი საგაკვეთილო საათების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სკოლები უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....