BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის არმიის სარდლობა მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში საჰაერო პატრულირება იკისროს.
ბრიტანეთის სწრაფი რეაგირების ძალების დაახლოებით 2500 ჯარისკაცი ამჟამად მონაწილეობს რუმინეთში მიმდინარე ნატოს წვრთნებში, რომლებიც ტარდება უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში.
ბრიგადის მეთაურმა ენდი უოტსონმა, რომელიც წვრთნებზე ბრიტანეთის ჯარს მეთაურობს, BBC-ს უთხრა, რომ მისი ბრიგადა “სრულად მზად არის” უკრაინაში განლაგებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია სხვა ქვეყნებთან ერთად მონაწილეობაზე სამშვიდობო ოპერაციაში. ბრიტანეთი უკრაინაში ჯარს დამოუკიდებლად არ გაგზავნის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო მისია გაგზავნოს.