უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუკი ვინმეს მისი შეცვლის სურვილი აქვს, ეს არ გამოვა, რადგან ის დიდი რეიტინგით სარგებლობს.
ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხის 58% მას ენდობა, როგორც ლიდერს.
მან ასევე დასძინა, რომ უკრაინა რუსეთისგან დეზინფორმაციას აწყდება.
“თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე სურს, მაშინ ეს არ იმუშავებს. თუ 4%-ზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენ ეს დეზინფორმაცია ვნახეთ და გვესმის, რომ ის რუსეთიდან მოდის და ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ამ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4%-მდე დაეცა.
“მე ვიცავ უკრაინას, მე მას ვერ გავყიდი, ჩვენს სახელმწიფოს ვერ გავყიდი“, – თქვა ზელესკიმ.