აეროპორტში, სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, ეკა ბესელიამ გენერალურ პროკურატურაში გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი შეიტანა.
ბესელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, სადაც დადასტურდა, რომ მას თავდასხმის შედეგად დაზიანებები აღენიშნება.
“გუშინ მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს იყო ორგანიზებული ძალადობრივი თავდასხმა, რომელიც წინასწარ კოორდინირებული იყო, ეს კი მძიმე კატეგორიის დანაშაულია. გუშინ არ ყოფილა არავითარი გამოხმაურება, ამიტომ ბატონ გიორგი გაბიტაშვილს ოფიციალურად ვთხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, ამოიღონ აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე კამერების ჩანაწერები. ასევე, მოკლე ვიდეო ჩანაწერი გადაიღო პრეზიდენტის თანმხლებმა პირმა, საიდანაც რამდენიმე პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. იქ იმყოფებოდა 10-ზე მეტი პიროვნება. აღსანიშნავია, რომ ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არ იყვნენ.
ვითხოვთ, რომ დაიკითხოს სალომე ზურაბიშვილიც. მას ვიზუალურადაც აღენიშნება დაზიანებები. სალომე ზურაბიშვილმა ჩვენი თხოვნით ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, რომელიც ასევე დართულია ამ საჩივარს. სამედიცინო დოკუმენტით დადასტურებულია, რომ პრეზიდენტს დაზიანება აღენიშნება. ეს კი ნიშნავს, რომ გამოძიება ამ ფაქტს სხვა სამართლებრივ ფორმას ვერ მისცემს.
დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ელოდებოდნენ, შეამჩნიეს ეს პირები, თუმცა, როცა პოლიცია უნდა გაეფრთხილებინათ, იქ ისინი არ იყვნენ.
თუკი არ იქნება შესაბამისი რეაგირება, ვგეგმავთ, რომ შესაბამის ყველა უწყებას პოლიციელების უმოქმედობასთან დაკავშირებით მივმართოთ. განმარტებას ასევე აეროპორტის ადმინისტრაციისგანაც ველოდებით.
კომპლექსურად ვაპირებთ ამ საქმესთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმას, არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი მსგავსი ფაქტი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ IPN-თან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს თბილისის აეროპორტში 18 თებერვლის გამთენიისას დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.