ახალი ამბები

“„მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარამიას მითითებით, გენერალური დირექტორის კანონგარეშე გადაწყვეტილებით” – ოქუაშვილი

ზაზა ოქუაშვილი “მთავარი არხის” გაჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ “მთავარი არხის” გაჩერება ხდება გვარამიას მითითებითა და მთავარი არხის გენერალური დირექტორის თვითნებური, კანონგარეშე გადაწყვეტილებით.

“იმ დროს, როდესაც, ერთი მხრივ, საქართველოში მწვავე ვითარებაა და, მეორე მხრივ, სასამართლო პროცესები მაქვს ლონდონსა და სტოკჰოლმში ივანიშვილისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ, ნიკა გვარამია მიზანმიმართულად დაგეგმილი მოქმედებებით იძულებულს მხდის, დავკავდე საპასუხო განცხადებებით. „მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარამიას მითითებითა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თვითნებური, კანონგარეშე გადაწყვეტილებით და ჩემი დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებენ განცხადებას, თითქოს ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ვაჩერებ. „მთავარი არხის“ მაუწყებლობის შეჩერებასა და ამ განცხადების გავრცელებას წინ უძღოდა „მთავარი არხის“ შემოთავაზება, რომ საწყისად 1 მილიონს გადაიხდიდნენ, სანაცვლოდ ჩემგან წარდგენილ დირექტორს, გიორგი ქურდაძეს ეროვნულ ბანკსა და პროკურატურაში უნდა განეცხადებინა, რომ გაერკვა სიტუაციაში და აღარ ფიქრობს, რომ არხზე დანაშაულებს ჰქონდა ადგილი. ამასთან, გიორგი ქურდაძეს ხელი უნდა მოეწერა მათ მიერ შედგენილ კანონგარეშე დოკუმენტებზე. უარის შემთხვევაში, ჩემს საწინააღმდეგო კამპანიას ახალი ძალით ააგორებდნენ. ჩემი, როგორც დამფუძნებლის მოთხოვნა დღესაც უცვლელია: შეჩერდეს „მთავარ არხზე“ მიმდინარე კანონგარეშე ფინანსური ოპერაციებით თანხების მიტაცება, თაღლითობა, ფულის გათეთრება, შეიცვალოს გენერალური დირექტორი და ამ პოზიციაზე, გიორგი გაბუნიას ნაცვლად, პროფესიონალი და საზოგადოებისათვის სანდო პიროვნება აირჩეს. ნიკა გვარამიას მხრიდან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოსტზე დასახელებული თავისი მეუღლე – სოფო ლილუაშვილი ჩემთვის არ არის მისაღები. ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ შეუფერხებლად და კანონიერად უნდა განაგრძოს მუშაობა. არხის არაფორმალური მმართველის, ნიკა გვარამიას მითითებით, კანონმდებლობისა და „მთავარი არხის“ წესდების სრული დარღვევით თვითნებურად იქნა გაჩერებული „მთავარი არხის“ მაუწყებლობა, რაც ჩემი იურიდიული გუნდის – ბრიტანელი და ამერიკელი ადვოკატების – სამსჯელო გახდება“. – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს “მთავარმა არხმა” პირდაპირი ტრანსლირება შეაჩერა, რის მიზეზადაც თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისი დაასახელა.

იტვირთბა....