“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) ბათუმში, “ოცნების ქალაქში” 2 არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის შედეგად დაღუპვას ეხმაურება და ამბობს, რომ მომხდარი ტრაგედია “ქვეყანაში სტრუქტურული სოციალური და ეკონომიკური უსამართლობებისა და ჩაგვრის, ასევე სახელმწიფოს ხანგრძლივი უმოქმედობისა და გულგრილობის შედეგია”.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, წლების განმავლობაში ვერც ერთმა პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებამ ვერ შეძლო “ოცნების ქალაქის” დასახლებაში ბავშვებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა, რასაც ფატალური შედეგი მოჰყვა.
“ქართული ოცნებისა” და რელევანტური უწყებების წარმომადგენლები ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ სახელმწიფოს გულგრილობის და სტრუქტურული პასუხისმგებლობის საკითხები ასეთი მძიმე ტრაგედიების დროს, ცდილობენ საკუთარი ბრალეულობის გადაფარვასა და ადგილზე მომუშავე მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მუშაობისა და აზრის გამოხატვის ხელის შეშლას. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ადგილობრივები ამბობენ, საცხოვრისების დემონტაჟის შემდეგ, რაც 2024 წლის ზაფხულში მაცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემას მოჰყვა, ადამიანები მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვდნენ, შემოღობვა მხოლოდ „ქართული ოცნების” მიერ საცხოვრისის მშენებლობის მეორე ეტაპის გახსნის დროს მოხდა, რომელიც მათ მიერ ტერიტორიის დატოვების შემდგომ რატომღაც მოიხსნა. მეტიც, ადგილობრივის განცხადებით, ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც ღონისძიების მიმდინარეობისას დასახლების უსაფრთხოებას ითხოვდა, არა მხოლოდ არ მოუსმინეს, არამედ პოლიციამ იგი განარიდა კიდეც ტერიტორიას.
შემაშფოთებელი და მცდარია ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ იმაზე მითითება, თითქოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ არსებობს სამშენებლო არეალის მიღმა ბავშვების დაღუპვის შემთხვევაში. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა არის ბავშვის უფლებების კონვენციის ხელშემკვრელი მხარე და ძალაშია „ბავშვის უფლებათა კოდექსი”, რომელიც მთავარ მიზნად ბავშვის კეთილდღეობის მიღწევას აცხადებს და ავალდებულებს სახელმწიფო უწყებებს, უზრუნველყოს არასრულწლოვანთა უსაფრთხოების, სიცოცხლის, და ჯანმრთელობის უფლებების რეალიზაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
SJC აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოსახლეობის მოლოდინისა, “ქართული ოცნების” მთავრობამ ვერ შექმნა ეფექტიანი და ჰარმონიზებული სოციალური დაცვის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებსა და მათ საჭიროებებს გაითვალისწინებდა.
SJC-ში ამბობენ, რომ “სახელმწიფოში ასევე არ არსებობს არც უსახლკარობასთან ბრძოლის და საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა, რის გამოც, სხვადასხვა ჯგუფები, უკვე წლებია, თვითდახმარების ზომებს მიმართავენ, მათ შორის, მუნიციპალურ საკუთრებაში (და არა მხოლოდ) არსებულ მიწებზე თავშესაფრების აგების გზით”.
“საყურადღებოა, რომ ტრაგიკულ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, „ოცნების ქალაქში” საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მათ განაცხადეს, რომ ბინების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყებოდა, რომლის ფარგლებშიც 1 077 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდებოდა. „ბათუმელების” ინფორმაციით, ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა, რაც საქართველოს მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის ცალკეული პროგრამების წლიურ ბიუჯეტებს შეიძლება რამდენჯერმეც კი აღემატებოდეს. საზეიმო ღონისძიებებითა და დეზინფორმაციული რიტორიკით, „ქართული ოცნება” ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენიღბვასა და სიღარიბის დამალვას ცდილობს, თუმცა სწორედ ფატალური შემთხვევები და ტრაგედიები აშიშვლებს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ უსამართლობებს და სახელმწიფოს გულგრილობას მოქალაქეების სოციალური საჭიროებებისა და უფლებების მიმართ, ისევე როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას, მოშლას და მმართველი პოლიტიკური პარტიის რეალურ დამოკიდებულებას საქართველოს მოსახლეობის მიმართ.
კიდევ უფრო პრობლემურია ის ფაქტი, რომ საქართველოში არაერთი ადგილი არსებობს, სადაც ადამიანები კომპაქტურად არიან დასახლებული (მაგ., თბილისის (მათ შორის, აფრიკის დასახლება), ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტები) და სადაც უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. მიუხედავად ამისა, საქართველოში უსახლკარო და არასათანადო საცხოვრებელში მცხოვრებ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემებიც კი არ მუშავდება და სახელმწიფოს მხრიდან სრული უგულებელყოფის ფონზე მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობაც საფრთხის წინაშე დგას”, – აღნიშნულია განცხადებაში.