თბილისში პოლიტიკური მოძრაობა – “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” დაფუძნდა. წარდგენა ეგნატე ნინოშვილის ძეგლთან, მის დაბადების დღეზე გაიმართა.
წევრების თქმით, მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ გაერთიანების მთავარ ხედვასა და იდეას.
„მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიის გზაა. ისინი არა მხოლოდ აკრიტიკებენ წარსულსა და დღევანდელობას, არამედ აქვთ საერთო ხედვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის” – აღნიშნავენ დამფუძნებლები.
მოძრაობას ამ ეტაპზე 100-ზე მეტი წევრი ჰყავს, თუმცა, მათი თქმით, ის ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც მათ იდეებს ეთანხმება და იზიარებს.