ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„სალომე ზურაბიშვილი დაგვპირდა, რომ ჩვენი ხმა იქნება პარტნიორებთან“ – ეთერ თურაძე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მედიამენეჯერებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდა „ბათუმელების“ რედაქტორი, ეთერ თურაძე.

მან პრეზიდენტთან ვიზიტის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„სალომე ზურაბიშვილი დაგვპირდა, რომ ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებთან იქნებოდა, ვინც დაინტერესებულია და მედიის თავისუფლებას საქართველოში მხარს უჭერს. მას აინტერესებდა კონკრეტული აქტორების მოსმენა, თუ რა გამოწვევები არსებობს. იცით, რომ ის მიემგზავრება მიუნხენის კონფერენციაზე. გაგვიზიარა ვის შეხვდება და რაზე ისაუბრებს. უნდოდა, ამისთვის ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა. შესაბამისად, ჩვენ მას ძალიან ბევრ საკითხზე ვესაუბრეთ, მათ შორის იმაზე, რომ ამერიკული გრანტები თითქმის შეწყდა და გრანტის მიმღები ორგანიზაციები ძალიან ცუდ დღეში არიან.

ასევე, ტელევიზიების შემთხვევაში, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ისინი ცუდ დღეში არიან. გრანტის მოძიება ჭირს. ასევე, ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება შიგნით გაერთიანება, რათა ნაკლები რესურსებით შევძლოთ ინფორმაციის გავრცელება. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ ახალ კანონპროექტებზე, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს გადაწყვეტილი, რომ მიიღოს. თუ მიიღებენ, ეს ძალიან შეზღუდავს მედიას . ამ მხრივ ასევე, საერთაშორისო საზოგადოების დახმარება გვჭირდება. ზოგადად, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი, როგორც ჟურნალისტების სიცოცხლე და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში. იმიტომ, რომ ვართ სამიზნეები და ეს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც ადამიანებს თავს დაესხნენ და ალბათ, ბედისწერა იყო, რომ ჟურნალისტები გადარჩნენ. ეს საშინელი კადრები ყველამ ვიცით. ის, რომ მზია ამაღლობელი ციხეშია, ეს არის მართლაც წარმოუდგენელი “მესიჯი” ჩვენთვის, ყველა ჟურნალისტისთვის. ჩვენი, ყველას ბედი შეიძლება ეს იყოს. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ძალიან ღირებულ ინფორმაციას შეაგროვებს ჩვენს პარტნიორებთან ჩასატანად“,- განაცხადა თურაძემ.

შეგახსენებთ, „ნეტგაზეთისა“ და ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, 31-ე დღეა, შიმშილობს.
ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იტვირთბა....