ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნება” “სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს” ქმნის

“ქართული ოცნება” ახალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ქმნის, რომლის “ფუნქციონირების მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა”. აღნიშნული ცვლილებები “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში შევა.

“სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს” არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება.

ახალ სსიპ-ში დაახლოებით 10 პირი დასაქმდება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტით წელს გრანტების სააგენტოს ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. სააგენტოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

უნდა შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც შემდგომში საბიუჯეტო სახსრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შერჩეულ შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე. კერძოდ, 2025 წელს “საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებები (“57 13 − სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“ – 20 მილიონი ლარი) მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და მის ფუნქციონირებას, ასევე გრანტის სახით გასაცემი თანხების დაფინანსებას. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვა განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. ამასთან, სააგენტოს წლიური სახელფასო ფონდის ოდენობა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება მას შემდეგ, რაც შეიქმნება აღნიშნული სააგენტო.

[…] იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროდ მეტწილად უცხოური აქტორები გვევლინება, რომლებიც ძალაუნებურად განსაზღვრავენ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის დღის წესრიგს, საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომ შეიქმნას საქართველოს მთავრობის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“. – წერია განმარტებით ბარათში.

იტვირთბა....