„ძლიერი საქართველოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს განცხადებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
„მე მსურს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენო, როგორ მოაქვს ერთობლივ ბრძოლას ჩვენი ხალხის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ახალი შედეგი, ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე საერთაშორისო წნეხის გაზრდის თვალსაზრისით. ქართველი ხალხი უკვე 76-ე დღეა იბრძვის საკუთარი ევროპული მომავლის გადასარჩენად. დღეს, სულ უფრო ნათელია მსოფლიოსთვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარდა, არანაირი სხვა გამოსავალი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად არ არსებობს.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვან განცხადებას გამოვეხმაურები, რომელიც გუშინ, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის სამდივნომ გააკეთა. სპეციალური მისია მოავლინა საქართველოში, რომელსაც უნდა შეესწავლა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და დასკვნა, რომელიც დადო ამ უწყებამ, (რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი შესაბამისი ევროპული [ინსტიტუტებისთვის])… თუ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნა და საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, არანაირი აზრი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას არ ექნება, რომელიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ოქტომბერში გამოაცხადა. მინდა საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს არის უკიდურესად არაორდინალური განცხადება, ამ ორგანიზაციისგან იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად არის და თითქმის არ ხდება, რომ მოწოდება კეთდება, რომ არჩევნები გადაიდოს, თუ შესაბამისი პოლიტიკური გარღვევა არჩევნებამდე არ მოხდება.
ახლა არის გადასაწყვეტი ბიძინა ივანიშვილის – რას აკეთებს ის. ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას და საერთაშორისო წნეხს, ნიშნავს, სასწრაფოდ იწყებს მუშაობას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე, თუ ბოლომდე აპირებს, რომ მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში ყველა შესაბამისი შედეგით, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუცია იტყვის მიმდინარე კვირას – სანქციების რეჟიმის გამკაცრება და შემდგომი ზეწოლა რეჟიმზე.
ამის პარალელურად ცხადია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, სწორედ, მათი ბრძოლის შედეგია, ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება. მე იმედი მაქვს, რომ შაბათს ევროპული მომავლის დასაცავ აქციაზე, ევროპის მოედანზე ძალიან ბევრი მოქალაქე შეიკრიბება საკუთარი ხმის გასაჟღერებლად“, – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო „საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას”.