“მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძის საქმეზე მოსამართლემ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო მეორე მუხლის, სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში ბარამიძე სამართალდამრღვევად სცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
სერგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე ეხება 2024 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდს, რა დროსაც “მთავარი არხის” ოპერატორ პროტესტის გაშუქების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მიყენებული დაზიანებების გამო სერგი ბარამიძეს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც არის დაწყებული, თუმცა ჯერჯერობით არცერთი მოძალადე პოლიციელი არ გამოუვლენიათ, თუმცა ამ ფონზე ოლიგარქის შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში თავად მსხვერპლი დაადანაშაულა.
“მთავარი არხის” ოპერატორმა სერგი ბარამიძემ იმის შესახებ, რომ სასამართლოში მის წინააღმდეგ პროცესი უნდა გამართულიყო, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რეჟიმის სხვა პატიმრების პროცესების გაშუქებისას გაიგო.