ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მზია ამაღლობელის პოზიცია უცვლელია. ის მოითხოვს, რომ ციხეში დააბრუნონ” – ნონა ქურდოვანიძე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მოინახულა.

ქურდოვანიძის განცხადებით, ამაღლობელს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდება. მისივე თქმით, ამაღლობელის პოზიცია უცვლელია და მას ციხეში დაბრუნება სურს.

მზია ამაღლობელი უკვე 30-ე დღეა შიმშილობს. ის სრულ შიმშილობას აგრძელებს და რჩება „ვივამედში“ დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით, თუმცა მისი პოზიცია უცვლელია, ის მოითხოვს, რომ გამოკვლევების შემდეგ, უკან, ციხეში დააბრუნონ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს სამედიცინო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია როგორი იქნება სამედიცინო ჩვენება. როგორც მას აქვს ინფორმაცია, დღეს იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება და ამის შემდეგ გადაწყდება, დააბრუნებენ თუ არა ციხეში.” – განაცხადა ქურდოვანიძემ.

ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, როგორც ციხეში, ასევე „ვივამედში“ პერიოდულად ნახულობს.

„აღნიშნული არის დამატებით მონიტორინგის განხორციელების ფორმა. რაც შეეხება იმ ექიმების ჯგუფის დამატებით “ვივამედში” შემოსვლას, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ისინი დამატებით კიდევ გეგმავდნენ შემოსვლას. როგორც წესი, ეს არის ხოლმე ერთჯერადი შემოსვლა, რომელსაც უნდა მოჰყვეს შემდგომი შეფასება, რასაც ისინი გააკეთებენ, სავარაუდოდ, წერილობით და რომელსაც შემდეგ ჩვენ სახალხო დამცველისგან გამოვითხოვთ“, – აღნიშნა ქურდოვანიძემ.

იტვირთბა....