ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
თემურ ქათამაძე 17 იანვრის შემდეგ შიმშილობს. 22 დღიანი შიმშილობის ფონზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა, მას დაკლებული აქვს 15 კგ, თუმცა დღევანელ პროცესს ის ესწრებოდა. მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ გაიზიარა. ქათამაძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.
18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.
ცნობისთვის, თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ის ბოლო წლებია, საქართველოში ცხოვრობს და სახელმწიფოს მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვს, რაზეც უარს იღებს. მას დროებითი ბინადრობის უფლება ჰქონდა, რასაც ვადა ამოეწურა, სწორედ ამის მიზეზით მოათავსა პოლიციამ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში.