აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ურთიერთობებში შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტთან”- პარტია “გახარია- საქართველოსთვის” წევრი, ტატა ხვედელიანი

ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახით იურიდიულ ურთიერთობებში შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტთან, არ ვაპირებთ, ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში ბერკეტი, გადაწყვიტოს, ვიყოთ თუ არა ე.წ. პარლამენტის წევრები,-ამის შესახებ პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ”გახარია საქართველოსთვის” გუნდი მუშაობს, რომ პარლამენტი ლეგიტიმურად არ იყოს ცნობილი.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა არჩევნების მეორე დღიდან ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმურად არ იყოს ცნობილი. ჩვენ ამას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთადაც ვაკეთებთ და ასევე, შიდა წნეხზეც ვმუშაობთ. პარტიის პოზიცია ამ მიმართულებით არის ის, რომ ჩვენ არ გვახასიათებს ემოციური და არათანმიმდევრული ქმედებები. შესაბამისად, ნაადრევად მივიჩნევდით ამ განცხადებების დაწერას არჩევნების შემდეგ. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახით იურიდიულ ურთიერთობებში შევიდეთ არალეგიტიმურ პარლამენტთან, არ ვაპირებთ, ივანიშვილს ჩავუგდოთ ხელში ბერკეტი, გადაწყვიტოს, ვიყოთ თუ არა ე.წ. პარლამენტის წევრები. ასევე, ძალიან ღიმილის მომგვრელია ის, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენი ქვეყანა ამჟამად იმყოფება, იმ არაკონსტიტუციურ ჩიხში, რომელშიც „ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა შეიყვანა, ვსაუბრობთ მანდატებზე, პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, რაღაც „ქარდებზე“. აქედან გამომდინარე, ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ჩვენ უფრო მეტს უნდა ვსაუბრობდეთ სინდისის პატიმრებზე, იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელსაც რეჟიმი ყოველდღიურად გვთავაზობს და ამით ჩვენს ქვეყანაში პროტესტის მუხტის ჩახშობას ცდილობს.იმ არსებულ ვითარებაზე, რომელიც ამ რეჟიმის პირობებში დადგა, იმ ყველაფერზე, რაც ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობის პირობებში ხდება“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს – ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

იტვირთბა....