“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შეფასებათა დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ “ქართული ოცნების” დაინიცირებული კანონები შეკრების თავისუფლების ჩახშობისკენაა მიმართული.
საიას მიმოხილვაში გაზგასმითაა ნათქვამი, რომ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში.
“შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ეს ცვლილებებიც დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს კანონმდებლობით, კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. თუმცა იგი კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა. ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია. დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების სიღრმისეული განხილვა, მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მათი მხრიდან კანონების შინაარსზე ზეგავლენის შესაძლებლობა პირდაპირ აისახება მათ ლეგიტიმაციასა და ხარისხზე. კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება კი სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
აღსანიშნავია, რომ შეკრებისა და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები კოდექსში ასევე დაჩქარებული წესით შევიდა 2024 წლის დეკემბერში. აღნიშნულ ცვლილებებს „ქართული ოცნების“ პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს. – ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.
ორგანიზაციის სრული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.