ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„სანქციებიდან გამომდინარე იზოლაციის შიში უკვე აისახა საბანკო დეპოზიტებზე, ლარის კურსზე და სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვებზე“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელა კვლევა თემაზე – „რა გავლენა აქვს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოს ეკონომიკაზე“.

კვლევის მიხედვით, „შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის და სანქციებიდან გამომდინარე იზოლაციის შიში გარკვეულწილად უკვე აისახა საბანკო დეპოზიტების სტრუქტურაზე, ლარის კურსზე და ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებზე.“

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 9.5% იყო. 9.5% მაღალი მაჩვენებელია, თუმცა, თუ იანვარ-ოქტომბერში საშუალო თვიური ზრდა 9.6% იყო, ნოემბერში ზრდამ 7.5%, ხოლო დეკემბერში 6.7% შეადგინა. ზრდის ტემპის კლება ეკონომიკურ კრიზისს არ ნიშნავს, მაგრამ ეკონომიკის გარკვეულ დარგებში აქტივობის კლების შედეგია.

2024 წლის პირველ 3 კვარტალში (მე-4 კვარტალი ჯერ ცნობილი არ არის) საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა. მე-3 კვარტალში ინვესტიციები 55%-ით შემცირდა, თუმცა უფრო მაღალი – 70%-იანი კლება იყო პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი), ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ინვესტიციების კლება „რუსული კანონის“ მიღებამ განაპირობა. „რუსული კანონის“ მიღება, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა და სანქციები მომავალ ინვესტიციებზე აისახება.

ჯამში, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის და სანქციებიდან გამომდინარე იზოლაციის შიში გარკვეულწილად უკვე აისახა საბანკო დეპოზიტების სტრუქტურაზე, ლარის კურსზე და ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებზე. ეკონომიკის გარკვეულ დარგებში (მაგალითად, რესტორნები და სასტუმროები) აქტივობა შემცირდა, თუმცა ჯამურად ეკონომიკა არ შემცირებულა.

რა გველოდება: ორგანიზაცია PMCG-ის მიერ იანვარში გამოქვეყნებულმა „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომისტები ნეგატიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას და მომდევნო ექვს თვეში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოელიან. ზოგადად, ეკონომიკაში მოლოდინი დიდ როლს თამაშობს. როდესაც ნეგატიური მოლოდინია ინვესტიციები კლებულობს, ბიზნესი და მოსახლეობა გაურკვევლობის დასრულების მოლოდინის რეჟიმში გადადის და ეკონომიკურ აქტივობას ამცირებს.

მომავალში ეკონომიკური სიტუაცია როგორ შეიცვლება, პირველ რიგში, მოსალოდნელი სანქციების მასშტაბზე და შინაარსზე არის დამოკიდებული. მთავარი საფრთხე საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარეობს: მაღალი სავაჭრო დეფიციტი, დეფიციტური სახელმწიფო ბიუჯეტი და საგარეო ინვესტიციებზე და სესხებზე დამოკიდებულება, საქართველოს პოტენციური სანქციების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის, ვიდრე ეს სხვა, აქამდე დასანქცირებული ქვეყნების შემთხვევაში გვინახავს. საგარეო ბალანსის გაუარესება ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურებას გამოიწვევს, რაც გაზრდის ინფლაციას, საპროცენტო განაკვეთებს და სესხის მომსახურების ხარჯს, შეამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს და მოხმარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე.

იტვირთბა....