არგენტინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს. ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანუელ ადორნიმ განაცხადა.
პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნული გადაწყვეტილება „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ორგანიზაციასა და არგენტინის მთავრობას შორის აზრთა სხვადასხვაობით ახსნა.
„არგენტინელები არ დაუშვებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერიოს ჩვენს სუვერენიტეტში, მით უმეტეს ჩვენს ჯანმრთელობაში“, -აღნიშნა ადორნიმ.
მისი განცხადებით, არგენტინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან არ იღებს დაფინანსებას ჯანდაცვის სფეროსთვის, შესაბამისად, ეს ნაბიჯი არ გულისხმობს ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას.
„ეს არ აისახება ჯანდაცვის მომსახურების ხარისხზე“, – განაცხადა არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის პრესსპიკერმა. ადრონის თქმით, არგენტინა ასევე განიხილავს პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლას.
მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. დონალდ ტრამპმა ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას ინაუგურაციის დღეს მოაწერა ხელი.