საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და 4 ბარიერგადალახული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაგან 3 პოლიტიკური გაერთიანების წევრებს დღეს ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, “დღეს რეალურად დასრულდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება – აღარ არსებობს კონსტიტუცია, არც ერთი უფლება არ არის დაცული”. ის ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ვერ განახლდება, სანამ არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები.
“დღეს მივიღე ევროკავშირის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, მათთან ერთად იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილნი ე.წ. პარლამენტში. დღეიდან მათი მანდატები გაუქმდა და ერთ-ერთი გზავნილი და თემა ის იყო, რომ დღეს რეალურად დასრულდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება, რამე თუ აღარ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი, თავისთავად არ არის პოლიტიკური სივრცე, უკვე არჩევნებიდან აღარ არის, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არც ერთი უფლება დაცული აღარ არის, არც გამოთქმის, არც შეკრების და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურად, ამდენად, ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება გავრცელდეს ამ ქვეყანაში რაიმე პოლიტიკური ცხოვრება, წარმოუდგენელია, სანამ არ იქნება დანიშნული ახალი არჩევნები.
ეს იყო მთავარი გზავნილი ამ ელჩებისთვის და მათი მთავარი დედაქალაქებისთვის, რომ დღეს საჭიროა განახლებული იყოს, როგორც აქ განახლდა რეპრესიები, რომ განახლებული იყოს ზეწოლა ჩვენი პარტნიორებისგან ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც დღეს შეგვიძლია მხოლოდ ასე ვახსენოთ, როგორც რუსული ყაიდის რეჟიმი იმისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.