გიორგი დგებუაძის, იგივე „მასტერას“ სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო. სასამართლომ წინასწარი პატიმრობის გაუქმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საქმის მასალების 9 ტომის გასაცნობად დაცვას დრო 17 მაისამდე აქვს.
დღეს, „მასტერამ“ პირველი განცხადებაც გააკეთა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ჭეშმარიტების დადგენითაა დაინტერესებული.
დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი, სხდომის გადადებასთან დაკავშირებით არის ის, რომ გია დგებუაძე, როგორც ბრალდებული, ამ ეტაპზე არ გაცნობია საქმის იმ მასალებს, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში გადაგზავნა და ასევე, იმ მტკიცებულებებს, რომელიც გამოძიებამ მის წინააღდეგ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მოიპოვა. სასამართლო პროცესამდე დაცვის მხარემ წინასწარი პატიმრობის გაქუმების მოთხოვნით მიმართა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
„პროცესუალურად, არის ის დღე, როდესაც აუცილებლად უნდა იქნეს განხილული აღკვეთის ღონისძიების დატოვების შეცვლის საკითხი, ამიტომ ჩვენ ბუნებრივია დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობის. ვნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო”, – განაცხადა ადვოკატმა დავით აბესაძემ პროცესამდე.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა” საქართველოში რამდენიმე ხნის წინ ჩამოიყვანეს. მისი ექსტრადიცია ჰოლანდიიდან განხორციელდა. იგი ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იყო და 2014 წლის ივნისში ჰოლანდიაში დააკავეს.
დგებუაძე ბრალდებულია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. მას ბრალად ედება თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება.