“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ქონებრივი დეკლარაციების შევსებაზე უარს აცხადებენ.
კოალიცია ცვლილებისთვის გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ არ აღიარებს 26 დეკემბრის არჩევნებს და შესაბამისად, არ აპირებენ ქონებრივი დეკლარაციების შევსებას:
“კოალიცია ცვლილებისთვის არ ვაღიარებთ რუსულ სტილში გაყალბებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს და არ ვცნობთ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმურობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი განვაცხადეთ საპარლამენტო მანდატებზე, დაფინანსებაზე და სხვა პრივილეგიებზე.
აქედან გამომდინარე, ჩვენი კოალიციის ერთიანი პოზიციაა, არ შევავსოთ თანამდებობის პირის დეკლარაციები. გამჭვირვალეობის პრინციპებისა და კანონის მოთხოვნების დაცვით, ჩვენი, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატების დეკლარაციები შევსებულია 2024 წლის არჩევნებამდე.
ახლა, ჩვენი სამშობლოსთვის ამ ისტორიულ მომენტში თითოეული ჩვენგანის ვალია, გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა და ქართველ ხალხთან ერთად პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევა”. – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
რაც შეეხება ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას, პარტიის ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ მიმართეს პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე. მათი განცხადებით, კოალიცია 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებს და ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე უარს აცხადებს.