აქტივისტები ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის რელოკაციას ითხოვენ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა მისამართი გათქვა:
“რადგან ვიდეო აღარაა განთავსებული არც ერთ ოფიციალურ გვერდზე (სადმე შეიძლება ედოს ვინმეს, ან არქივებში იყოს, ამას ვეღარაფერს ვუშველით), მოგიყვებით, რა ქნა ლევან იოსელიანმა და მერე მოგიყვებით, რა უნდა ქნას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ.
ლევან იოსელიანმა საჯაროდ გათქვა ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ლოკაცია. ეს გასაიდუმლოებული ლოკაციაა, რადგან იქ მცხოვრები ადამიანები (ძირითადად ქალები და ბავშვები) არიან გამორიდებული მოკვლის და ძალადობის საფრთხეს.
ამ ლოკაციის გაგებაზე ნადირობენ მოძალადეები. ნადირობენ ადამიანებით მოვაჭრეები საერთაშორისო ქსელებიდან (რადგან აქ განთავსებულები არიან ტრეფიკინგის მსხვერპლებიც)!!!ლევან იოსელიანმა ეს ლოკაცია ლანგარზე დადო და ისე მიართვა მათ.
არც ერთი ადამიანი, ვინც ახლა იმ თავშესაფარშია, არაა უსაფრთხოდ. არათუ მხოლოდ მასზე მოძალადისგან ემუქრება უკვე საფრთხე, არამედ მასთან ერთად ვინც ცხოვრობს, იმაზე მოძალადისგანაც. ეს საფრთხე შეიძლება იყოს: ფიზიკური ძალადობა, მუქარა, შანტაჟი, ყველაფერი უბედურება და სიკვდილი (!!!). ეს ქნა სახალხო დამცველმა, მეგობრებო. გავიაზროთ კარგად.
ახლა რა უნდა მოხდეს, რომ ამ კაცის მიერ მიმდგარი ზიანი გამოსწორდეს? სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კეთილი უნდა ინებოს და მოახდინოს თავშესაფრის რელოკაცია, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ! ეს რომ ნორმალური სახელმწიფო იყოს, ამაზე საჯაროდ არ დავწერდით. მაგრამ ეს სახელმწიფო არაა. აქაურობა რეჟიმის კანტორადაა ქცეული.
ზრუნვის სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე დარახველიძის ცოლია. ქმარი ხალხს აწამებდეს და ცოლი ზრუნავდეს, ცოტა არავის არ გვჯერა. ამიტომ, ამაშიც ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ და მოვთხოვოთ ზრუნვის სააგენტოს, სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები” – წერს აქტივისტი, ვენერო მელუა.