როგორც ამაღლობელის, ისევე ზოგიერთ სხვა შემთხვევაშიც, აუცილებელი არ იყო პატიმრობის გამოყენება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის, ყოველთვის პატიმრობა იყოს გამოყენებული, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა და სრულიად შესაძლებელია, ეს იყოს გირაო, თავდებობა, ან სხვა ფორმები.
“არასოდეს გამიმართლებია მე პოლიციელზე თავდასხმა და არც გავამართლებ, არავითარ შემთხვევაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს კონტექსტი, უნდა გვესმოდეს ადამიანის მდგომარეობა, რომ შევადაროთ. რამდენიმე დღეშიც მოხდა პოლიციელებზე თავდასხმა, სამწუხაროდ, 3 პოლიციელი დაჭრა ერთმა ადამიანმა და იგივე მუხლით მოხდა საქმის აღძვრა და პასუხისგებაში მისცეს ის ადამიანი. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და არ არის აუცილებელი ყოველთვის პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა, იყოს გამოყენებული. შეიძლება იყოს გირაო, იყოს თავდებობა ან სხვა ფორმები, რომლების არ გულისხმობენ პატიმრობას.
პატიმრობა არის ყველაზე მძიმე ფორმა. იმისთვის, რომ ადამიანი ჩამოაცილო საზოგადოებას, ის ან მიმალვას უნდა ცდილობდეს, ან მოწმეებზე ზემოქმედებას. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი მზიას შემთხვევაში ასეთი პირდაპირი მტკიცებულებები, რომ ის ამას ცდილობდა, საქმეში არ ვიცი იყო თუ არა, მაგრამ ჩემი აზრით, გამომდინარე იქიდან. რომ მთავარი მტკიცებულება არის ვიდეოკადრები, მოწმეებზე პირდაპირი ზემოქმედება, მოწმეთა ჩვენება არაა მტკიცებულება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ფორმალურადაც ვთვლი, რომ შეიძლება იქნეს გადახედილი პატიმრობა და შეფარდებული იქნას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების ფორმა. ზოგადად, მარტო ქალბატონი მზიას შემთხვევას არ ვგულისხმობ, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი არის მიცემული პასუხისგებაში, ამ ბოლო პერიოდში და მათ მიმართაც ვთვლი, რომ ყველა შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების ფორმა პატიმრობის გამოყენება არ არის გამართლებული. მე არ ვიცი საქმეების მიხედვით რა მტკიცებულებებია, მაგრამ 40 საქმიდან ყველა როგორ არის ისეთი, სადაც პატიმრობის გამოყენება აუცილებელია? სადღაც ხომ შეიძლება გირაო იყოს გამოყენებული ან სხვა ფორმა”, – ამბობს იოსელიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.