“თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა რეჟიმის პატიმარს” – თბილისში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები მსვლელობით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან დაიძრნენ და ცოტა ხანში ისინი რუსთაველის გამზირისკენ გააგრძელებენ მსვლელობას.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩანიშვნა და მზია ამაღლობელისა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.